
პროფესიით მასწავლებელს ანა კორტეზსა და მის ოთხი თვის შვილს – მიკაილას, ექიმებმა კორონავირუსი დაუდგინეს. ვირუსით ინფიცირებამ უცნაური გვერდითი ეფექტი გამოავლინა. ბრიტანულ პრესასთან – Mirror-თან საუბრისას, დედამ განაცხადა, რომ ძუძუს რძემ, რომლითაც იგი თავის შვილს კვებავდა, ნეონის მწვანე ფერის შეფერილობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Daily Star იუწყება.
ანა კორტეზის თქმით, მექსიკაში, მონტერეიში, სადაც თვითონ ცხოვრობს, მსგავსი შემთხვევა პირველი არ ყოფილა. ადგილობრივმა ექიმებმა მას უთხრეს, რომ შესაძლებელია, რძის ფერის ცვლილება იმ ანტისხეულების გამო მომხდარიყო, რომლებიც ორგანიზმში შემოჭრილ ვირუსს ებრძვიან.

„მიზეზი, რის გამოც, რძის ფერი ასეთი შესამჩნევი იყო ვირუსის „სიძლიერეა“. მაშინვე, როგორც კი ვირუსი დამიდგინდა, ბავშვის პედიატრმა მითხრა, რომ შვილისთვის ეს საუკეთესო რამ იქნებოდა, ვინაიდან, თუ თვითონაც დაინფიცირებული იყო, რძე ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებოდა“ – განაცხადა ანა კორტეზმა.
მიკაილას ხველება და სიცხე ჰქონდა. მან ვირუსი რამდენიმე დღეში გადაიტანა. ანას კი, გემოსა და სუნის შეგრძნების გაქრობასთან ერთად, გაციების მაგვარი სიმპტომები აწუხებდა.
„ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალების 90%-ში, ანტისხეულები დედის რძეში იჭრებიან. ამ ანტისხეულებს, პოტენციურად უცხო სხეულების განადგურება შეუძლიათ. თვითონ ვირუსი კი, რძეში არ ირევა“ – განაცხადა Imperial College London-ის მკვლევარმა, Human Milk Foundation-ის თანადამფუძნებელმა და ექიმმა – ნატალი შენქერმა.























