
რუსთავში კორონავირუსით 61 და 63 წლის დები, ნაილი და ნანა იაშაგაშვილები გარდაიცვალნენ.
იაშაგაშვილები მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდნენ.
რუსთაველი დები კოვიდ19-ით ერთმანეთისგან დაინფიცირდნენ.
ეპიდემიოლოგის თქმით, ნაილი და ნანა იაშაგაშვილები სამედიცინო დაწესებულებაში ნოემბრის თვის ერთსა და იმავე დღეს, ერთი დილის, მეორე კი საღამოს საათებში შეიყვანეს.
როგორც მაია რაზმაძემ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, კლინიკაში ჯერ ნანა იაშაგაშვილი, 2 დღის შემდეგ კი ნაილი იაშაგაშვილი გარდაიცვალა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განსაკუთრებით მძიმე თანმხლებ დაავადებებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსმა იაშაგაშვილებში სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გართულდა და დების გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული ერთ-ერთი დის მეუღლე.
ნაილი იაშაგაშვილი რუსთავის თეატრის ტექნიკური რეჟისორი იყო, ნანა იაშაგაშვილი კი დიასახლისი გახლდათ.
წყარო, inforustavi.ge






















