
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა იკრძალება.
ასევე, საბჭომ რეკომენდაციები მიმართა კაფე-ბარებსა და რესტორნებს, დროზე ადრე დაიხურება სამთო-სათხილამურო კურორტები.
1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;
2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;
3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;
4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;
5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი 4 განზომილება, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია – ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი.
თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.






















