
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსზე ტესტირების სამ მეთოდს განმარტავს.
„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს მეთოდებს, რა მეთოდებითაც უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში.
ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება პისიარ მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი.
ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის.
ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას.
ეს ადამიანები უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს, გამოხატული აქვთ კლინიკური სიმპტომები და ნიშნები რაც შესაძლოა, იყოს კორონავირუსის მაჩვენებელი.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტესტირებების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი და ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით.
ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში მისი შეფასება კორონავირუსიზე და შემდეგ უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით, პაციენტის მართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებს და მიდგომებს იმ ჯგუფებისთვის, რომელიც არის მაღალი რისკის მქონე.
ამას მიეკუთვნება კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფი პირები.
„ამ ალგორითმის მიხედვით უმოკლეს ვადაში დაიწყება სამივე მეთოდით ტესტირება, როგორც პისიარ, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ასევე ანტისხეულების ტესტი, ჩვენ საწყისი რაოდენობა ამ ტესტების ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.
- 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















