
კახი კავსაძის უმცროსი ძმა, ოპერის მომღერალი, იმერი კავსაძე დღეს “ფაიზერის” მეორე დოზით აიცრა. იმუნიზაციის ვიდეოს, 84 წლის მომღერალი, პირდაპირ კლინიკიდან აქვეყნებს.
ჩვენი მეშვეობით კი ყველას აცრისკენ მოუწოდებს.
იმერი კავსაძე: – ახლახან ავიცერი, თავს მშვენივრად ვგრძნობ. აბსოლუტურად არაფერს ვუჩივი. პირველი დოზაც, ორგანიზმმა, ურეაქციოდ მიიღო.
მე კოვიდიც იოლად გადავიტანე. ტემპერატურა 37 და ოთხი ხაზი მქონდა, რამდენიმე დღე.
რა ვიცი, ჯერჯერობით, ასეა. ამბობენ, მეორე დოზამ, შესაძლოა, მეორე-მესამე დღეს მომცეს რეაქცია.
ანტივაქსერები სპეციალურად აშინებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან. ხალხში პანიკას და შიშს სთესენ.
ვაქცინა არის დამცველი. ის იცავს ადამიანს ვირუსისგან. თუ ჩვენ ჩვენს თავს და ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით, სხვა ვინ გაგვიფრთხილდება?!
აცრილს რომ ვირუსი შეგეყაროს, უკვე ადვილად გადაიტან.
რამდენი ახლობელი, მეგობარი, თანამოქალაქე იმსხვერპლა და წაიყოლა კოვიდმა. ამიტომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩქარა უნდა აიცრას ყველა. გადავარჩინოთ საქართველო ამ უბედურებისაგან.
ყველა შეგნებული ადამიანი იკეთებს იმუნიზაციას.
– ბატონო იმერი, როგორ ხართ კახის გარეშე?
– ვერ ვეგუები. ძნელია. ჩემამდე არ მოდის ეს ინფორმაცია. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე ისე მოხდეს, რომ მე აღვიქვა, რომ კახი აღარ არის. ჩემთვის სულ ცოცხალი იქნება.
თითქოს ყოველდღე მის ზარს ველოდები. ჩვენ ხომ ასე ვიყავით. დილიდან ვიწყებდით ერთმანეთთან რეკვას და მოკითხვას. ამიტომ ეს ყოველდღიური მოლოდინი სულ მაქვს.























