20:31 | 2021-04-03 ავტორი: Prime Time

კოვიდაფეთქება დასავლეთ საქართველოში – რამდენიმე სოფელში სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

კოვიდაფეთქება დასავლეთ საქართველოში – რამდენიმე სოფელში სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში, კერძოდ კი აბსანძეების უბანში, ეპიდემიოლოგებმა იქ მცხოვრები მოსახლეობის კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება დაიწყეს,

 

ინფორმაცია “პრაიმტაიმს” მერის წარმომადგენელმა სოფელში ელგუჯა ბოკუჩავამ დაუდასტურა.

 

„დღეს სწრაფ ტესტზე გაიტესტა კონკრეტულ უბანში 51 პირი, აქედან დღეს 11-ს დაუდასტურდა კირონავირუსი. ხოლო სამი პირი მოთავსებულია რუხის კოვიდ კლინიკაში, ისინი ფოთის აჭარა ტექსტილის თანამშრომლები არიან. ასევე მათი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ჯამში კი 17 პირს”, – გვითხრა მან.

 

სოფელში ამ დრომდე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

 

გართულებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-მაც.

 

განცხადების თანახმად, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

 

“საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

 

გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

 

პოლიცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.”, – ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ნეკა დოროყაშვილის მორიგი სარჩელი - რას მოითხოვს ის ყოფილი ქმრისგან
2021-04-03ნეკა დოროყაშვილის მორიგი სარჩელი - რას მოითხოვს ის ყოფილი ქმრისგან
ავტორი: Prime Time

X