
არ მეგულება ადამიანი, ვინც „ფეისბუკს“ არ იყენებს, მაგრამ ალბათ რამდენიმე თუ შესულა ფუნქციებში ჩამონათვალში არსებულ „კოვიდ-19“-ის განყოფილებაში, რომელსაც WHO Regional Office for Europe, UNICEF, World Health Organization (WHO) და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ისედაც უამრავ ინფორმაციას ვიღებთ ვირუსისა თუ დაავდებულების შესახებ და ზედმეტად აღარ ვინტერესდებით.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ საინტერესო და სრულიად განსხვავებული ინფორმაციაა, არა იმის შესახებ, როგორ ვუმკურნალოთ ვირუსს, არამედ – იმის შესახებ, როგორ არ (!) უნდა ვუმკურნალოთ მას.
„პრაიმტაიმი“ ჯერ გაგაცნობთ სწორედ ამ ინფორმაციას, შემდეგ კი სოციალური ქსელიდან, მომხმარებლების მერ ერთმანეთისთვის მიცემულ უჩვეულო რჩევებს, რომელიც ცოტა თქვენც გაგახალისებთ.
სამედიცინო ნიღბების ტარება, სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ იწვევს ნახშირორჟანგით ინტოქსიკაციას ან ჟანგბადის უკმარისობას.
ალკოჰოლის მიღება არ არის საჭირო COVID-19- ისგან სამკურნალოდ. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში სხვა დაავადებების განვითარების რისკი არსებობს.
მათეთრებლები და სადეზინფექციო საშუალებები ქიმიკატებია. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ და არ მისცეთ საშუალება, ორგანიზმში მოხვდნენ. ეს პროდუქტები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, მხოლოდ ზედაპირული დეზინფექციისთვის.
მეთილისა და ეთილის სპირტი საშიშია. მათი გამოყენება არ ანადგურებს COVID-19-ის ვირუსს, მაგრამ მას შეუძლია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორაგანიზმს ან გამოიწვიოს სიკვდილი.
თუ შეგიძლიათ სუნთქვის შეჩერება, ხველის ან არასასიამოვნო შეგრძნების გარეშე 10 წამის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ კორონავირუსის ინფექცია ან ფილტვის სხვა დაავადება. COVID-19 ინფექციის დასადასტურებლად ყველაზე ზუსტი გზაა ლაბორატორიული გამოკვლევა.
ნიორი არის ჯანსაღი საკვები, რომელსაც აქვს გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნიორი ეფექტიანია COVID-19 პრევენციისთვის. ვირუსისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზაა დისტანცია და ხელების რეგულარული და საფუძვლიანი დაბანა.
მზე არ კლავს ვირუსს. შესაძლოა, დაინფიცირდეთ COVID-19- ით მზიან და ცხელ ამინდშიც. ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში დაავადების შემთხვევები ფიქსირდება.
მწარე წიწაკა შეიძლება გემრიელი იყოს, მაგრამ ის ხელს არ უწყოს COVID-19 პრევენციასა და მკურნალობას.
ანტიბიოტიკები არ ეხმარება COVID-19 პრევენციასა და მკურნალობას. ანტიბიოტიკები მოქმედებს ბაქტერიების საწინააღმდეგოდ და არა – ვირუსების, რომელთაგან ერთი COVID-19-ს იწვევს. ამასთან, COVID-19–ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შეიძლება დაუნიშნონ ანტიბიოტიკები, თანდაყოლილი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ვიტამინები და მინერალური დანამატები არ არის COVID-19- ის სამკურნალო საშუალება. თუთია, D, C ვიტამინები და სხვა დამატებები არ არის COVID-19- ის სამკურნალო საშუალება, თუმცა ისინი აუცილებელია იმუნური სისტემისა და სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ცხელი აბაზანა არ კლავს COVID-19-ს. ყველაზე ცხელი აბაზანა ან შხაპიც კი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სხეულის ტემპერატურაზე. შეიძლება დამწვრობა მიიღოთ, თუ წყალი ძალიან ცხელია.
სიცივე და თოვლი ხელს არ უშლის COVID-19- ის გავრცელებას. სიცივე არც ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას და არც ხელს უშლის მის გავრცელებას.
ხელის ელექტრო საშრობები არ კლავს COVID-19. ვირუსისგან თავის დასაცავად, რეგულარულად გამოიყენეთ ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის დასაბანი საშუალება ან დაიბანეთ წყლით და საპნით. კარგად გაამშრალეთ ხელები ქაღალდის პირსახოცით ან გამოიყენეთ ელექტრო საშრობი, რომელიც თბილ ჰაერს უბერავს.
ცხვირის რეგულარული გამორეცხვა მარილიანი წყლით COVID-19-ს თავიდან ვერ აგაცილებთ. დადასტურებული არ არის, რომ ცხვირის რეგულარული გამორეცხვა მარილწყალთან ერთად ეფექტიანია COVID-19-სა და სხვა რესპირატორული ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ნაწილობრივ დამტკიცებულია, რომ დაგეხმარებათ, გაცივებას უფრო სწრაფად გაუმკლავდეთ.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება,, რომ COVID-19 შეიძლება გავრცელდეს შინაური ბუზებით. ძირითადად, ვირუსი გადადის წვეთების საშუალებით, რომლებიც გამოთავისუფლებულია პაციენტის სასუნთქი გზებიდან ხველის, ცემინების ან მეტყველების დროს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაინფიცირდეთ ინფიცირებული ზედაპირის, შემდეგ კი თვალების, ცხვირის ან პირის ღრუს შეხებით. ვირუსისგან თავის დასაცავად ხშირად დაიბანეთ ხელები და დეზინფექცია გაუკეთეთ ზედაპირებს, რომლებსაც სახლში რეგულარულად ეხებით.
ვირუსები, მათ შორის – COVID-19, არ გადაეცემა რადიო ან მობილური ტალღებით. COVID-19 ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც 5G ქსელები არ არის განლაგებული.
ფეხსაცმლის საშუალებით COVID-19 გავრცელების ალბათობა ძალიან დაბალია. ყოველი შემთხვევისთვის, შეგიძლიათ დატოვოთ ფეხსაცმელი სახლის შესასვლელთან, განსაკუთრებით, თუ ჩვილები ან პატარა ბავშვები თამაშობენ იატაკზე. ეს ხელს შეუწყობს ძირებში ჩარჩენილ ჭუჭყთან კონტაქტის თავიდან აცილებას.
მოყვასზე მზრუნველი ადამიანები სოციელურ ქსელებში ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ თავს კორონავირუსით თუ დავინფიცირდით. არ იშურებენ რჩევებს, რომელიც სადღაც ამოიკითხეს ან და ბებიების დანატოვარ სამკურნალო საშუალებების რვეულში ამოიკითხეს და ყაზახეთის მთავრობასავით, რომელიც პირველი ტალღიდან მოუწოდებდა მოქალაქეებს, შინაური წამლებით ემკურნალათ, ისინიც გვარწმუნებენ ამ უახლესი ვირუსის უძველესი მეთოდებით მკურნალობის ეფექტიანობაში.
ალბათ თქვენც გადაწყდომიხართ ასეთ რჩევებს ან და სულაც, ჩათშიც კი გამოუგზავნიათ.

მაგალითად მე, ბევრ ასეთ რჩევას ვიღებ და აქვე, რამდენიმეს თქვენც გაგაცნობთ, მაგრამ ვიდრე წაიკითხავთ, წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთ რჩევებს არ ენდოთ, არ გამოიყენოთ და არ გაიმეოროთ, რადგან შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. ეს რჩევები დაახლოებით იმ სერიიდანაა, ყვავის ბუმბული, ხვლიკის სისხლი და კუს ბაკანის ნატეხი რომ უნდა აურიო ერთმანეთში, დაფქვა და თავდახურულ ქვაბში მოხარშო, რომ ყველაფრისგან განიკურნო.
რამდენიმე დღის წინ მივიღე ასეთი რჩევა: 200 გრამ კიტრის მწნილის წვენს უნდა შევურიოთ 1 ლიმონის წვენი, 1 აბი ასპირინი და დილით უზომოზე დავლიოთ და თურმე, ვერც ერთი ვირუსი ვერ მოგვეკარება.
ასევე: 1 თავი ნიორი, თაფლი, ხახვი და მწარე წიწაკა უნდა ავურიოთ ერთმანეთში, რომ კოვიდი ვერ გაგვეკაროს.
„კოვიდის“ დასამარცხებლად ხალხური საშუალება ყოფილა ალოეს წვენის შეზელვა სხეულზე, მაგრამ აქ მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ თვალის ქუთუთოებზე არ შეიძლება წასმა.
სოციალური ქსეილის ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ყოველ დილით ოჯახის ყველა წევრს, ბავშვების ჩათვლით 50 გრამ არაყს ასმევს და თავს კარგად გრძნობენ.
წყალბადის ზეჟანგით მკურნალობის მოყვარულებსა და უზმოზე სოდის მსმელთა მოყვარულებს შორის ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული. ერთნიც და მეორენიც ერთმანეთს თავიანთი მეთოდით მკურნალობის ეფექტიანობას უმტკიცენბდნენ და ამ დროს დედის, მამის ფიცს გინებაც მოჰყვებოდა.
დიდი გაუგებრობა მოჰყვა ერთი ადამიანის რჩევას. უის ამბობდა, რომ ასკორბინის მჟავით მკურნალობა არის ძალიან შედეგიანი. ორგზის ნობელის პრემიის ლაურეატი, ლინუს პოლინგი რომ ცოცხალი იყოს, ტაშს დაუკრავდა მათ, ვინც ამ მეთოდით მკურნალობას გვირჩევს. ის გადვაძალებდა ასკორბინის მჟავის მეგადოზების დალევას.
თავისი მეთოდის უტყუარობასა და ეფექტიანობაში არანაკლებ არიან დარწმუნებული ის ადამიანები, ვინც კურდღლის ქონის წასმას გვირჩევს, კორონასგან განკურნებისთის. ერთ-ერთ მათგანსი მეცნიერული მტკიცებულებებიც კი მოჰყავდა. კერძოდ: როდესაც ქონს წაისვამთ, კანზე ჩნდება ცხომის ფენა, რომელიც აპკის ფუნქციას იძენს და გვიცავს ვირუსისგან. დაბანისას ეს „აპკი“ მოგვცილდება ზედ „მიკრული“ ვირუსებიანად და საშიშროებაც აღარ გვემუქრებაო.
თურმე არიან ადამიანები, ვინც დღეში 10-ჯერ და მეტჯერ ცხელი წყლის აბაზანებს იღებენ ან და ორთქლს ისუნთქავენ. ირწმუნებიან, რომ ჯანმრთელად სწორედ ამიტომ არიან.

მწარე წიწაკა – კოვიდის წინააღმდეგ! ასეთ ლოზუნგს გვესვრის არატრადიციული მედიცინის ზოგიერთი მოყვარული და ფოტოსაც აქვეყნებს, რომ მომარაგებული აქვს ეს უებარი საშუალება და თან დასძენს: წიწაკას კერძში თუ დაამატებ, ის არ კურნავს, ან დაფქვილი უნდა დაიყარო ენაზე და გადაყლაპო, ან და უნდა მოკბიჩო და დაღეჭოო…
მოკლედ, სოდის მიღების ხერხების არ იყოს – „ბებიაჩემი წყალში ხსნის და ისე სვამს და ილიკო ენაზე იყრისო“, ზურიკელა ვაშალომიძის პირით რომ ამბობს ნოდარ დუმბაძე, სწორედ ასეა წიწაკის მიღების ხერხიც.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ზემოთ ცამოთვლილი მეთოდებიდან სამკურნალოდ არც ერთი არ გამოიყენოთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ ვირუსოსგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალება ნიღაბი, ხელების ხშირი დაბანა და დისტანციის დაცვაა…























