20:20 | 2021-03-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“კოვიდმა ფეხით სიარულს მიმაჯაჭვა… იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ…” – კარდიოლოგ ნანა გეგეჭკორის რჩევები

“კოვიდმა ფეხით სიარულს მიმაჯაჭვა… იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ…” – კარდიოლოგ ნანა გეგეჭკორის რჩევები

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, ნანა გეგეჭკორი, რომელიც რამდენიმე თვეა რჩევებს გვაძლევს, რომ თავიდან იოლად ავირიდოთ, თუ მსუბუქად გავიაროთ კოვიდინფექციური პერიოდი, ამჯერად პროპაგანდას უწევს ფეხით სიარულს.

 

კარდიოლოგი პირადი მაგალითით გვიყვება, თუ როგორ აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს ყოველდღიურად ფეხით გავლა, სეირნობა იქნება ეს, ძუნძული, თუ სამსახურიდან შინ ფეხით დაბრუნება.

 

ნანა გეგეჭკორი: – პანდემიამ განსაკუთრებით ნათლად დაგვანახა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ჰიპოდინამიური ცხოვრება უჩინრად ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობას, ასაკთან ერთად მეტაბოლიზმის ცვლილებაც ემატება და საოცრად ადვილი ხდება გემრიელი ნაყინის ან სასიამოვნო სადილის, ცხიმის საბადოებად გარდაქმნა.

ყველაფერი ერთად ზრდის გულსისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების რისკს. რომ არაფერი ვთქვათ კოვიდი-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე…

 

დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, სიმსუქნე, დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კოვიდის მძიმე ფორმების პრედიქტორები არიან.

 

ჯანმრთელობის გასაღები დიდწილადაა მოძრაობასა და სწორ კვებაში.

 

აქვე გაგიზიარებთ ჩემს ყოველდღიურ რუტინას. კოვიდმა განსაკუთრებულად მიმაჯაჭვა ფეხით სიარულს. სახლიდან სამსახურამდე დაახლოებით 6 კილიმეტრია და ამ მანძილს დილა-საღამოს ფეხით გავდივარ. მანქანას მხოლოდ ცუდ ამინდში ვიყენებ. საღამოს კი სახლის წინ სანაპიროზე 7-8 კილომეტრიან წრესაც ვამატებ ხოლმე.

 

ამ დროს, პარალელურად, ვიყენებ ლექციების, საინტერესო საუბრების, მუსიკის მოსასმენად, ზუმ-შეხვედრებისთვის, საელეფონო ზარების და პაციენტების ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხისთვის. დრო, პარალელურ საქმიანობაში, სწრაფად და სასიამოვნოდ გადის. სამსახურში ლიფტს თითქმის არასდროს ვხმარობ. ფეხით სიარული კი საოცარ შინაგან სიმშვიდეს და ენერგიას მმატებს. საშუალოდ დღეში 12-15 კილომეტრი გამომდის. უმეტესად მეტიც. ეს მაძლევს საშუალებას საყვარელი ნაყინიც და შოკოლადიც სინდისის ქენჯნის გარეშე მივირთვა.

 

იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ და ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ფიზიკურ და ფსიქიურ ჯანმრთელობაზე.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X