
როდესაც ადამიანს უვითარდება ანაფილაქსია და კასკადური რეაქცია იწყება, პირველი, რაზეც არცერთი წუთი და არცერთი წამი არ უნდა დაიკარგოს, არის ადრენალინის ადმინისტრირება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ დროს, ადრენალინი ამცირებს გამონაყარს, აფართოებს სასუნთქ სისტემას, წნევას ზემოთ წევს და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ადამიანს საფრთხეს უქმნის.
„რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ დექსამეტაზონი არჩევის პრეპარატია. არა, არჩევის პრეპარატია ადრენალინი. ყველაფერი დანარჩენი მეორე რიგის პრეპარატია. ასეთ სიტუაციაში, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა სუპრასტინი ან დიმედროლი არანაირად არაა რეკომენდებული, რადგან, შეიძლება, მათ წნევის დაქვეითება, პირიქით, უფრო გააღრმავონ. ეს ხშირი სამედიცინო შეცდომაა.
ამ დროს აუცილებელია, სწორად შეირჩეს პოზა: ადამიანი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები, გულთან მიმართებით, ცოტა ზემოთ უნდა იყოს აწეული და სამედიცინო ჯგუფმა, აუცილებლად სწრაფად, ვენური სისტემის კათეტერიზაცია უნდა დაიწყოს, რათა სითხის შევსება მოხდეს, რასაც გადასხმას ვუწოდებთ. ასევე, აუცილებელია, დარბაზში იყოს ჟანგბადის მიწოდების წყარო. თუ ეს ყველაფერი საათივით, სწორად დათქმულად წავა, მდგომარეობა გაუმჯობესდება. დღეს, მსოფლიოში, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ანაფილაქსიით, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, 18 მარტს 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ აცრეს, მას რამდენიმე წუთში ანაფელაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. პაციენტი მალევე თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა 19 მარტს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.























