23:30 | 2020-04-24 ავტორი: თამარ გონგაძე

ყველა გადარჩენას ვცდილობთ! – როგორ ცდილობს ამას ნინო სუხიშვილი

ყველა გადარჩენას ვცდილობთ! – როგორ ცდილობს ამას ნინო სუხიშვილი

ქართულმა ეროვნულმა ბალეტმა – „სუხიშვილებმა“, პანდემიური კარანტინის დროს, ვიდეოგაკვეთილებზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსგავს გაკვეთილებს „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი, თეა დარჩია უკვე ერთი თვეა Youtube-ს გვერდზე ათავსებს.

 

20 აპრილიდან „სუხიშვილების“ გაკვეთილებს, ნებისმიერი მსურველი, მისთვის სასურველ დროს ესწრება.

 

აკადემიის სტუდენტებს თვეში რვა გაკვეთილზე დასწრების საშუალება აქვთ, გაკვეთილი ფასიანია, თუმცა ფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ ღირს.

 

“სუხიშვილების” მიერ ახალ დროებაზე გადაწყობილ რეჟიმსა და სხვა საინტერესო დეტალებზე, „პრაიმტაიმთან“ ეროვნული ბალეტის დირექტორი, ნინო სუხიშვილი საუბრობს.

 

ნინო სუხიშვილი: – ჩვენ გვაქვს ინტერნეტ პორტალი Sukhishvili.TV რომელიც ინტერნეტ-ტელევიზიის ტოლფასია. ის დიდი ხანია არსებობს, რომელზეც ანსამბლის ვიდეოები, კონცერტები, დოკუმენტური ფილმებია ატვირთული.

 

ახლა დაემატა ახალი ვიდეოპორტალი – ცეკვის აკადემია, სადაც ცეკვის გაკვეთილების ვიდეოებია განთავსებული, იქ რეგისტრიდება მსურველი.

 

შემდეგ ასაკის გათვალისწინებით ირჩევს კურსს, ჯგუფს, მოსდის იმეილით პაროლი, რომლითაც წვდომა აქვს ვიდეოგაკვეთილებზე.

 

ვინც არ არის „სუხიშვილების“ აკადემიის სტუდენტი და სურს, უბრალოდ შემოგვიერთდეს, გრაფაში წერს, რომ ახალი სტუდენტია და ირჩევს, რომელი დონის ცეკვის სწავლა სურს. ამაში მათ ჩვენი მენეჯერები დაეხმარებიან.

 

ჩვენს ინტერნეტმენეჯმენტში საუკეთესო ამერიკელი პროვაიდერი გვემსახურება და საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული, დაცული პორტალი გვაქვს.

 

ჩვენს აკადემიაში ბავშვები 5 წლიდან 16 წლის ჩათვლით დადიან. გვაქვს მოყვარულთა ჯგუფი, სადაც ასაკი განუსაზღვრელია.

 

პროგრამით გათვალისწინებულია თვეში რვა გაკვეთილი, რომელიც ბოლო ერთი თვის მანძილზე სპეციალურად ჩაიწერა. ყველა ჯგუფისთვის ორი თვის მარაგი უკვე ჩაწერილი გვაქვს.

 

ახალი გაკვეთილები ყოველთვე დაიდება. იმედია შემდეგ ცოტათი გამოსწორდება მდგომარეობა ან ისევ შევძლებთ გაკვეთილების გადაღებების გაგრძელებას.

 

ვინ ატარებს გაკვეთილებს?

 

– გაკვეთილებს ატარებენ ჩვენი პედაგოგები, ვისაც ეს კლასები ჰყავდათ და ცეკვას ფიზიკურად ასწავლიდნენ. თუმცა სხვადასხვა მასტერკლასებით ჩვენი ანსამბლის სოლისტებიც დავამატეთ.

 

გაკვეთილები ფასიანია, რასაკვირველია, ის ფასი არ აქვს, რაც ჩვეულებრივ. ბევრად იაფი ღირს.

 

მინდა გითხრათ, ამ გაკვეთილებს რაღაც პლუსები აქვს. გაკვეთილს განსაზღვრული დრო არ აქვს.

 

როცა სტუდენტს დრო აქვს, მაშინ შედის პორტალზე და ესწრება მას.

 

ასევე შეუძლია ყოველდღე ნახოს ეს გაკვეთილი და არა მხოლოდ კვირაში ორჯერ, როგორც ფიზიკურად აკადემიაში მოსვლისას ახერხებდა ამას.

 

გაკვეთილს უყურებს ინდივიდუალურად, სადაც პედაგოგი ცეკვის დასრულების შემდეგ ყველა ილეთს უშლის და ასწავლის.

 

ორშაბათს დავიწყეთ და ძალიან ბევრი ახალი მსურველი გამოჩნდა. დიდია ჩართულობა. ბავშვები იღებენ თავიანთ ნაცეკვს და უგზავნიან პედაგოგს.

 

– და პედაგოგები როგორ იბარებენ ნასწავლ ცეკვებს?

 

– ბავშვები სურვილის მიხედვით უგზავნიან პედაგოგებს ვიდეოებს. სხვათა შორის, მშობლებიც დაინტერესდნენ და შვილებთან ერთად სწავლობენ ცეკვას.

 

ანუ სუხიშვილები ახალ გამოწვევას იღებს.

 

– კი, ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ამ რთულ მდგომარეობაში ყველა გადარჩენას ვცდილობთ.

 

ჩვენ მივეკუთვნებით საშუალო ბიზნესს, რომელიც გადარჩენას ცდილობს. მაისის თვის ხელფასებს როგორ დავარიგებდით, არ ვიცოდით.

 

ამიტომ ეს გაკვეთილები უფასო არ არის, პედაგოგებს ხელფასი უნდა გადავუხადოთ.

 

ჩვენი ცეკვის აკადემია ბევრ რამეს გვიფინანსებდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ანსამბლი ვართ, ნახევარი ამ კერძო ბიზნესიდან ფინანსდებოდა. „სუხიშვილების“ ბიუჯეტი იმდენად მცირეა, რომ ეს სახელმწიფო ანსამბლი ნახევრად თვითდაფინასებაზე ვიყავით.

 

ამიტომ დიდი პრობლემის წინაშე დავდექით, როდესაც ყველაფერი გაჩერდა – გასტროლები შეწყდა, კონცერტები გაუქმდა, ცეკვის აკადემია არ ფუნქციონირებს.

 

ამიტომ აუცილებელი იყო ეს გაკვეთებინა და ვიდეოგაკვეთილებზე გადავსულიყავით.

 

ვიღებდით უამრავ წერილებს საზღვარგარეთ მცხოვრეი ჩვენი თანამემამულეებისგან, სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისგან, ვისაც უნდოდა ჩვენი ცეკვების სწავლა.

 

როცა კარგი ცხოვრება ისევ დაგვიბრუნდება და ნორმალურ გრაფიკს დავუბრუნდებით, ვვარაუდობ, დავტოვებ ვიდეო-ცეკვის გაკვეთილებს და ბევრი მსურველი ინტერნეტით ცეკვის სწავლას გააგრძელებს.

 

ვფიქრობ, მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე, ბევრი რამ გადაკეთდება და ისე გააგრძელებს ფუნქციონირებას.

 

როგორია თქვენთვის ეპიდემიური სამყარო?

 

– მზად არ ვიყავით ამ უჩვეულო მდგომარეობისთვის. არ ვიცოდით, რა იყო მსოფლიო პანდემია. ყველანი კარჩაკეტილი ვცხოვრობთ.

 

ძალიან გააქტიურდა სოციალური ქსელები. ინტერნეტი დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევს. ბევრი ახალი ბიზნესი წარმოიშვა. ვიდეოგაკვეთილები ჩვენთვის ახალი გამოწვევაა.

 

როგორც ხელოვანი – იმედიანად ვარ, რომ მალე ყველაფერი ნორმალურ რიტმში ჩადგება. თუმცა გასართობი ტიპის ხელოვნება, ცეკვის ანსამბლები, ალბათ, ყველაზე ბოლოს აღდგება.

 

ჩვენ მაყურებელზე ვართ დამოკიდებული, ანსამბლიც მრავალრიცხოვანია. ჩვენი სრულფასოვანი ცხოვრება არ ვიცი, როდის აღდგება.

 

შეგვეცვალა ზაფხულის გეგმები, მიწვეულები ვიყავით შვეიცარიის, ვენეციის ფესტივალებზე… იმედია, შემოდგომაზე ეს ყველაფერი აღდგება, ანსამბლი ფორმას დაუბრუნდება და რეპეტიციებს გავაგრძელებთ.

 

ყველას მოვუწოდებ, დარჩით სახლში და იცეკვეთ ჩვენთან ერთად.

 

ალბათ, არც გახსოვთ, როდის იყავით ამდენი ხანი სახლში? რას აკეთებთ ამ იზოლაციაში?

 

– ვცდილობ, იზოლაციაში პლუსები ვიპოვო. ჩემთვის სახლში ყოფნა ფუფუნებაც არის.

 

ნამდვილად არ მახსოვს, როდის ვიყავი სახლში და ამასთან სახლის საქმეები მეკეთებინოს.

 

წყნარად დავმჯდარიყავი, სიჩქარის გარეშე მესაუზმა, გადარბენისა და ფეხზე მდგარი ფინჯანი ყავის დალევის გარეშე…

 

სააღდგომო კერძები მოვამზადე, რომელიც ძალიან მიყვარს და არც კი მახსოვს, ბოლოს როდის გავაკეთე.

 

მაგალითად, ჩაქაფული, ხაჭოს პასკის რამდენიმე ვარიანტი. ამ კერძებს სხვა მიკეთებდა, ან საერთოდ არ ვაკეთებდი.

 

წყნარად ვარ სახლში, წიგნს ვკითხულობ, მაქვს ფიქრის საშუალება. ახალ-ახალი პროექტების უამრავი იდეა მაქვს.

 

როგორც კი შევძლებთ მუშაობის დაწყებას, ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მაყურებლებს.

 

ილიკოსაც ჩემნაირი განწყობა აქვს. ტელეფონით ვკონტაქტობთ. ახალი მუსიკის შექმნის პროცესშია. სტუდიაშია შეკეტილი და ახალი პროექტისთვის მუშაობს.

 

მაგრად ვდგავართ, ვცდილობთ ამ განსაცდელს, ამ გამოწვევას გავუძლოთ, დავრჩეთ ოპტიმისტებად და არ დავყაროთ ფარ-ხმალი.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X