
ყველა ის პირი, ეს იქნება პაციენტი თუ სხვა სამედიცინო პერსონალი, ვისთანაც ჩვენს ექიმს ჰქონდა შეხება, ყველა არის იდენტიფიცირებული, – ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.
„თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი.
აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს. ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ექიმს სიმპტომების გამოვლენა გუშინ დაეწყო და მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს. მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე.
მასთან მყოფი თანამშრომლების დაინფიცირების რისკი არის დაბალი. ჩვენ მაინც პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი.
შესაბამისად, ის მორიგე სამედიცინო პერსონალი არის თვითიზოლაციაში და საკარანტინო პირობებში გადასული, ხოლო აღნიშნული ექიმი აგრძელებს მკურნალობას“, – ამბობს გოგიტიძე.
ამირან გოგიტიძე განმარტავს, რომ ყველა ის პირი, ვინც დაინფიცირებულთან შემხებლობაში იყო, იდენტიფიცირებულია და აკონკრეტებს, რომ ექიმის საცხოვრებელი ადგილი რუსთავი არ არის.
„31 მარტს იყო მორიგე. თუმცა, ამ და მომდევნო დღეებში მას არ ჰქონია გამოვლენილი სიმპტომები.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი სრულად აღჭურვილი, დაცული დადის გამოძახებებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ნაკლებია პაციენტთან კონტაქტისას დაინფიცირების შანსი, სამედიცინო პერსონალის, ასევე სამედიცინო პერსონალიდან გადადების შანსი ნაკლებია.
ექიმი ყველა გამოძახებაზე მისული იყო შესაბამისი დაცვის საშუალებებით.
როგორც კი მის მეუღლესთან დადგინდა, რომ იყო საეჭვო შემთხვევა, ის მეუღლესთან კონტაქტში აღარ იმყოფებოდა. თუმცა, ჩვენს ექიმთან მიმართებაში გუშინ მოხდა სიმპტომების გამოვლენა“, – განაცხადა გოგიტიძემ.
ამავე თემაზე:























