
ბულინგი – ეს ძალადობის ის ფორმაა, რომელიც საზოგადოების ნაწილში დღეს ყველაზე აქტუალური გახდა. აღნიშნული უცხოური სიტყვა, რომელიც ძალადობას მოიცავს, ადამიანებს დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომლის სახლთან მომხდარმა გაახსენა. საუბარია პენიტენციური სისტემის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინის კართან დამაგრებულ პოსტერებსა და შეურაცმხყოფელ წარწერებზე. “ჩიტო… ჩიტო ყ@@ო”. ამის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ზომები მიიღო ოჯახმა, სადაც პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი თანამშრომელი ცხოვრობს და რომელსაც მსგავსი ეპითეტები მიუძღვნეს. მომხდარს “პრაიმტაიმთან” უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აფასებს და ამბობს, რომ ამის ჩამდენი თითოეული პირი აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს.
“მთელ მსოფლიოში ბულინგი უმკაცრესად დასჯადია. ერთია, რომ ეს დანაშაულია სისხლის სამართლებრივ ნაწილში და მეორეა, რომ საზოგადოებებში ეს საყოველთაოდ ამორალურ ქმედებად ითვლება.
რაც შეეხება სამართლებრივად, ჩვენთან ეს დასჯადია და მომხდარზე სამართლებრივი ზომები უნდა იქნეს მიღებული. სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან გამოძიება დაიწყონ და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
– რამდენად მატრამვირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ბავშვისთვის?
– მსგავსი ფაქტები ბავშვზე საშინლად მოქმედებს. ამან შესაძლებელია მოზარდის ჩაკეტვა გამოიწვიოს, უარი თქვას სახლიდან გასვლაზე, სასწავლო დაწესებულებაში სიარულზე, თანატოლებთან კომუნიკაციასა და ურთიერთობაზე. შესაძლოა, ბავშვმა მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი განიცადოს და პრობლემები გამოიწვიოს.
ბულინგით არასრულწლოვნების დაზარალება მთელ მსოფლიოში კანონით ისჯება, მათ შორის დასავლეთში, სადაც კიდევ უფრო მკაცრი ზომები ტარდება, ვიდრე – საქართველოში.
ამ და მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში ისეთი მკაცრი ზომები უნდა გატარდეს, რომ თუ ვინმეს მსგავსი მიდრეკილება აქვს, მეორედ ამ მიუღებელი ქმედების ჩადენა თავში აზრად არ მოუვიდეს.” – ამბობს ნანა კაკაბაძე.






















