09:41 | 2021-11-13 ავტორი: Prime Time

“ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, ხომ ხარ უკრაინის პრეზიდენტი, ჰოდა…” – ბუბა კიკაბიძე ზელენსკის შეხვდა

“ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, ხომ ხარ უკრაინის პრეზიდენტი, ჰოდა…” – ბუბა კიკაბიძე ზელენსკის შეხვდა

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე, 11 ნოემბერს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება სთხოვა.

 

„ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ასეთ რამეზე დამჭირდებოდა მაგასთან მისვლა. მას ძალიან გაუხარდა ჩემი ჩასვლა. მე მას ვუთხარი, რომ შენ უნდა წაიყვანო ეგ (სააკაშვილი). თორემ მანამ თქვენ ამ საკითხს თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) შეიძლება იქ მოკლან-მეთქი“, – ამბობს ბუბა კიკაბიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

 

“ძალიან კარგად მიმიღო. თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოვუყევი. მე ვკითხე, ბრძოლა წესების გარეშე გიყვარს-მეთქი? კიო. ჩამოდით-მეთქი თბილისში და ნამდვილ ბრძოლას წესების გარეშე განახებთ-მეთქი. ყველა სოფელს და ქალაქს მოგატარებთ, სადაც ურტყამენ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს. გუშინ კიდევ 60 კაცი დააკავეს, წამდაუწუმ არის ატეხილი ცემა-ტყეპა-მეთქი.

 

ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, შენ ხომ ხარ, კაცო, უკრაინის პრეზიდენტი, ჰოდა, ეს (სააკაშვილი) შენი მოქალაქეა და შენ ის უნდა წაიყვანო. იმიტომ, რომ მანამ თქვენ ამას თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) იქ შეიძლება მოკლან-მეთქი. აი, ეგეთი ლაპარაკი იყო და იმ წუთშივე, საღამოს უკვე დაიწყო ტელეფონით ლაპარაკი საქართველოსთან და მიუსია ხალხი. ეგეთი ამბავი, რა” – ამბობს ბუბა კიკაბიძე.

 

–  თავად ზელენსკის უნდა, რომ დააბრუნოს სააკაშვილი?

 

–  იცი რა, მე ეგეც ვუთხარი… მე ვუთხარი, დააბრუნე და მერე ერთმანეთში გაარკვიეთ, გინდათ, თქვენთან იყოს თუ – არა. მთავარია, რომ (სააკაშვილი) სიკვდილს გადავარჩინოთ-მეთქი. მე ვუთხარი, რომ ოჯახის ახლობელი ვარ და ჩამოვედი, რომ ეგ გითხრათ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი, რაც (საქართველოში) ხდება. ეგ (ზელენსკი) კაი ბიჭია, მაგას იქაც აწვებიან თავის იმაში, ქვეყანაში, მაგრამ, როგორც კი მითხრა ჰო, ორ საათში დაიწყო ამაზე მუშაობა.

 

– აქამდე 40 დღე ისე გავიდა, რომ ზელენსკის არაფერი უთქვამს, რაც ყველას გაკვირვებას იწვევდა…

 

– დააგვიანდა, ბიჭო… ჰოდა, მე გარდონს (ჟურნალისტი დმიტრი გორდონი) რომ ველაპარაკე, – ჩემთან იყო დიმა, – იმან თქვა, ხმას არავინ იღებს მიშაზეო და მე მგონი, არაფერი არ ხდებაო. მიშას იქ (უკრაინაში) დიდი ოპოზიცია ჰყავს, იმიტომ რომ ეს მდიდარი ხალხი ყველა მაგის წინააღმდეგია. ვის სჭირდება ფულის დაკარგვა და ისა. ჰოდა, ეგრე იყო, რა.

 

–  მიხეილ სააკაშვილს უნდა უკან უკრაინაში წასვლა? როგორ უნდა მოხდეს ეს?

 

– იცი რა არის, ალბათ უნდა, იმიტომ რომ შენ ნახე გადაღებული კადრები, რას უშვრებოდნენ (ციხეში)? რომ მიათრევდნენ.

 

–  კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვნახე. სატელიტი მუშაობს (ჟურნალისტი).

 

– ესენი თუ არ წავიდნენ მანდედან (ხელისუფლებიდან), საერთოდ მაშინ საქართველოდან უნდა წახვიდე კაცი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა უკვე ვეღარ ამოძვრება უბედურებიდან, მაგ ჭაობიდან.

 

– როგორც გავიგე, ბატონო ბუბა, მაგ სათხოვრით საქართველოს ხელისუფლებასთან არ მიხვალ, როგორც ზელენსკისთან მიხვედი?

 

– არა, კაცო! მაგათ არ ვეკარები!

 

ცნობისთვის, 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დააყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას.

 

ზელენსკის პრესსამსახურის მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფისა და უფლებების სრულად საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისობაზე ისაუბრა.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X