13:36 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

„ყველაფერი ტანზე შემოეხა. ეს მდგომარეობა სამარცხვინოდ მიაჩნია და სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს“ – სარდაფში შესახლებული დედა-შვილის ისტორია

„ყველაფერი ტანზე შემოეხა. ეს მდგომარეობა სამარცხვინოდ მიაჩნია და სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს“ – სარდაფში შესახლებული დედა-შვილის ისტორია

მთვარისა ქურდაძისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დღევანდელი სადილი, ჩაი და მაკარანის უკანასკნელი ულუფაა. დედა-შვილმა მეზობლებისა და ნაცნობების მიერ მიწოდებული სურსათი, ამ დრომდე იმყოფინა. რას შეჭამენ ხვალ – ეს კეთილი ადამიანების გულისხმიერებაზეა დამოკიდებული.

 

„ამ დილას გავაკეთე მაკარონი და ის ჭამა ბავშვმა, წვნიანი საჭმელი ენატრება. ამ ეტაპზე, არაფერი დაგვრჩა. მეზობლებს ყოველ დღე ხომ ვერ მოსთხოვ?“ – ამბობს მთვარისა.

 

46 წლის ქალი, 15 წლის შვილთან ერთად, დამწვარი შენობის სარდაფში ექვსი თვის წინ შესახლდა.

 

 

ხის შენობა, სადაც მანამდე 15 წელი იცხოვრეს, სატყეო სამსახურის საკუთრება იყო და ნოემბერში დაიწვა. საცხოვრებელთან ერთად დაეწვათ ყველა ნივთი და ტანსაცმელი. ორსულიან ოჯახს წასასვლელი არსად ჰქონდა, ამიტომ დედა-შვილმა სარდაფი დაასუფთავა. აქ მოაწყეს საძინებელიც და სამზარეულოც. მეორადი საოჯახო ნივთები კი მეზობლებმა მისცეს.

 

„კანალიზაციის მილი  არ იყო, ამიტომ ფეკალური მასები და ნაგავი ამ სარდაფში იყრიდა თავს. აქ არ შეიძლებოდა ცხოვრება, მაგრამ მიწა დავხვეტე, იმ დონეზე დავასუფთავე, რომ დაძინება შეიძლებოდეს“.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის  დააკავეს
2020-05-24ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

 

 

იატაკის ნაცვლად მიწაა, სადაც მთვარისამ მუყაოს ქაღალდი დააფინა, ნესტიან კედლებზე ქაღალდები მიაკრა, სახურავის ნაცვლად გადაკრული ბრეზენტი ქარმა უკვე დახია, ამიტომ  ჭერიდან წყალი ჩამოდის და მიწა იყრება. წვიმის დროს, მთვარისას სათლები აქვს შედგმული. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მთვარისა პირველ ეტაპზე, სახურავის პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვს.

 

 

„თუნდაც მეორადი მასალა იყოს, არ დავეძებ. ამ ბოლოს სულ წვიმს და წყალი ჩამოდის, ყოველ დღე ძალიან ბევრჯერ მიწევს ტაშტების გადაქცევა“.

 

ახალციხის მერიაში კი ამბობენ, რომ შეჭირვებულ დედა-შვილს სამშენებლო მასალას ვერ მისცემენ. სარდაფი, სადაც ქურდაძეები თავს აფარებენ, სატყეო დეპატრამენტის საკუთრებაა. მერის მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, რომ სხვის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტი ვერაფერს გააკეთებს“.

 

ოჯახს სოციალური დახმარება რამდენიმე წლის წინ მოუხსნეს. მას შემდეგ სოცაგენტი საცხოვრებელს ყოველ წელს ამოწმებს. ქურდაძეებს, ამ პირობების მიუხედავად, მაღალი ქულები მოსდით.

 

„სახლი რომ დამეწვა, ახალციხის მერიამ 500 ლარი ავეჯის შესაძენად მომცა, მაგრამ არაფერში მეყოფოდა, საჭმელი აღარ გვქონდა, ბავშვი მშიერი იყო და საკვები ვიყიდე. მთავარია შვილი არ დამრჩეს მშიერი“.

 

მთვარისა ქურდაძის 15 წლის შვილი სკოლაში აღარ დადის. დედა ამბობს, რომ საცხოვრებლის დაწვის შემდეგ, მოზარდი მორალურად დაზარალდა.

 

„არც საცხოვრებელი აქვს, არც ჩასაცმელი, ყველაფერი ტანზე შემოეხა. ეს მდგომარეობა სამარცხვინოდ მიაჩნია და სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს. ვიდეოებს უყურებს, როგორ იწვის სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა“, – გვიყვება მთვარისა.

ავტორი: Prime Time

X