
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება.
მათთვის, ვინცვაქცინაციის მომხრე არ არის, ეს გადაწყვეტილება სასიხარულო აღმოჩნდა. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ, ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში სამუდამოდ არ რჩება. ამ დროს, ლოგიკურია, გვიჩნდება კითხვა, რამდენად მართებულია, რომ ვაქცინაციის გარეშე მოქალაქეებს „მწვანე სტატუსი“ ენიჭებოდეთ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას, არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ეთანხმება.
„ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს (რეგულაცია) შეიცვლება“, – განაცხადა იმნაძემ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კოვიდპასპორტს გარკვეული ვადა უნდა ჰქონდეს.
„სწორად არ მიმაჩნია. მგონია, რომ ვალიდაცია უნდა ჰქონდეს. გადატანიდან 20 თვე ან, 12. კვლევები გრძელდება, მაგრამ, როგორც ბოლო მონაცემები გვიჩვნებს, დაახლოებით 16 თვის გასვლის შემდეგ, რეინფიცირების რისკი საკმაოდ იზრდება. ამიტომ, ჩემი აზრით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, „მწვანე პასპორტის“ გაცემა 6-12 თვე უნდა ჰქონდეს ვადა. შემდეგ, ეს დრო, რომ გავა ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს“.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ ადამიანმა, რომელმაც კოვიდი გადაიტანა ვაქცინაცია აღარ ჩაიტაროს, გვპასუხობს:
„კი, ბატონო არის ამის რისკები, რომ ადამინს გაუჩნდეს კითხვა, თუ გადავიტანე, რატომ უნდა ავიცრა. თან თუ მას, უკვე მწვანე პასპორტი ექნება. ჩემი აზრით, ბევრ კითხვას გააჩენს. მნიშვნელოვანია, რომ გარკვევით ჩაიწეროს. აქვს რაღაც ხანდაზმულობა და შემდეგ, უკვე აუცილებელია, ხელახალი იმუნიზაცია“.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ, აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით“.
„ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს. ჩვენ ყველას, ჩვენი კონკრეტული დამოკიდბეულება გაგვაჩნია. მე პირადად, ვთვლი, რომ მინიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს“.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდპასპორტის სისტემის ჩამოყალიბებას მიესალმება. თუმცა, მისი თქმით, კოვიდსაშვი დაბადების მოწმობა არ არის და მას კონკრეტული ვადა უნდა ჰქონდეს.
როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, კორონავირუსის გადატანა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მეორედ არ დაგვემართება.
„კოვიდპასპორტის სისტემის ჩამოყალიბებას მე მივესალმები. ეს არის ის ერთ-ერთი შეიარაღება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ დავამარცხოთ ეს ვირუსი. უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდსაშვი არ არის დაბადების მოწმობა, რომელიც გეუბნება, რომ ერთხელ გაიცემა და სულ გექნება. ეს არის დაავადების სტატუსი, რომელიც გაჩვენებს, რა მდგომარეობაში ხარ. დაცული ხართ თუ არა. არის ყვავილის ვაქცინა, რომელსაც გაიკეთებთ და და მთელი ცხოვრება გაქვს. სამწუხაროდ, კოვიდთან მიმართებაში მეცნიერული კუთხით არა ერთი კვლევა უკვე დაიდო. სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების მიერ.
ის ადამიანი, რომელიც არის აცრილი ყველაზე ეფექტური ვაქცინებით („ფაიზერი“, „მოდერნა“) ისინი დაცულები არიან დაახლოებით 6 თვე. კვლევების თანახმად, ვინც გადაიტანა აღმოჩნდა, რომ განსკაუთრებით დელტა ვარიანტის პირობებში სიტუაცია უფრო რთულია. ადამიანებმა, ვინც ადრე გადაიტანეს კოვიდი მათ დაცულობა მაქსიმუმ სამი თვეა.
პრაქტიკულად, კოვიდის გადატანა არ ნიშნავს იმას, რომ ის თქვენ მეორედ, არ დაგემართებათ. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანს ერთდროულად სხვადასხვა ვარიანტი ჰქონდა. „დელტა“ ძალიან ვერაგია.
ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მინიმუმ მათ სტანდარტებს უნდა მივყვეთ. ვინც კოვიდი გადაიტანა, მათი „მწვანე სტატუსი“ სამი თვე უნდა იყოს. კვლევებია ჩატარებულია, რომელმაც აჩვენა, რომ თუ ქვეყანაშია უკონტროლო კოვიდსიტუაცია ანუ, გავრცელების შანსი უფრო მაღალია ანუ იქ, პრაქტიკულად 6 თვიდან სამამდე უნდა ჩამოვიდეს. მუდმივი კოვიდსტატუსი ვერ იქნება. ეს არის პოლიტიკური. ამას საერთოდ არაფერი არ აქვს არც მეცნიერებასთან, არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ფაქტია, რომ ეს არის მიზეზი, რომ საქართველოში არჩევნები არ დამთავრებულა. მე ვამბობდი, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. სიტუაცია უნდა გადადებულიყო. 6 თვით, რომ გადავადებულიყო ქვეყანა არ დაიქცეოდა. ამ პოლიტიკას დღეში 50 ადამიანი ეწირება. პრაქტიკულად ჩვენ ახლა პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ვართ. ჩვენ არც ვაქცინაციის პროგრამა გვაქვს, არც კოვიდსისტემა. არაფერი არ გვავქს.
როცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება წავიკითხე შოკში ჩავვარდი. იქ ასეთი მითითება იყო. თუ ადამიანი კაფეში შედის, იმას კოვიდპასპორტი უნდა ჰქონდეს. მომსახურე პერსონალი კი, შეიძლება ვაქცინირებული არ იყოს. ეს რა ლოგიკაა. აბსოლუტურად, ალოგიკური გადაწყვეტილებაა“.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























