
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროტესტის ტალღა არ წყდება. თითქმის ყოველდღიურად ეწყობა აქცია-პერფორმანსები, რომლის მონაწილეებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების გვერდის ავლით მოქმედებენ და ამით როგორც საკუთარ თავს, ასევე მთელ საზოგადოებას რისკის ქვეშ აყენებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ შაბათსა და კვირას დაანონსებულია მასშტაბური აქციები, რომელიც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოეწყობა. გასაკვირი არ არის თუ ვივარაუდებთ, რომ კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყანაში მკვეთრ ნიშნულს მიაღწევს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ქვეყანაში შეზღუდვები არ დაწესდა, რადგან საარჩევნო წელია, მიტინგებია, აქციები ეწყობა – ვინმეს საბაბი რომ არ მიეცეს და არ ითქვას, რომ ამ პროცესებს ხელი ლოქ-დაუნებმა შეუშალა, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები გამოაცხადოს“.
აქვე, ინფექციონისტი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, რომ ვირუსის პრევენციის ზომებს მიმართონ და პროტესტი შესაბამისი წესების დაცვით მოაწყონ.
„რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ეს აქციები რომ არ ჩატარებულიყო, მაგრამ, ვინაიდან იმ პოლიტიკურ პროცესებს პრიორიტეტი აქვს მსოფლიოში და განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში, ეს არჩევნები გამოდგა ისეთი,რომ ძალიან მაღალია პოლიტიკური აქტივობა და ამ პოლიტიკურ პროცესებს ალბათ, ვერც შევზღუდავთ.
რაც შეიძლება ვურჩიოთ და გულის ტკივილით გამოვთქვათ: ტარდება – ტარდება, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ აქცია-შეკრებები არ ჩატარდეს, ყველაფერი გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ან სამართლებრივი გზით, მაგრამ რეალურად, ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ არის.
ერთი თხოვნა მაქვს – აქცია ხომ შეიძლება ჩატარდეს უსაფრთხოების რეგულაციის წესების დაცვით? ყველამ რომ პირბადე გაიკეთოს, ეს რას აკლებს ან პოზიციას, ან ოპოზიციას? ამით პროტესტს ნაკლები ძალა ხომ არ ექნება?
ოპოზიციის აქციების დროს მათ მიაჩნიათ, რომ ძლიერი გამოხატვის ფორმა აქვთ და მათ პროტესტს უფრო მეტი ძალა აქვს, თუ ნიღბები არ ექნებათ გაკეთებული და დისტანციას არ დაიცავენ. ნიღბის გაკეთება აქციას ხომ არ აუფასურებს და არც პროტესტის ძალას? უცხოელების თვალში ნიღბის არ ტარება პროტესტის ძალაზე კი არა, უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ევროპის ქვეყნებში ქუჩაში უპირბადოდ სიარული 200-300 ევროთი ისჯება.
მთავრობა ოპოზიციის აქციაში ვერ ჩაერევა, თავად ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვა. მოაწყონ აქცია უფრო დიდ სივრცეებში. მაგალითად, რიყეზე, იპოდრომზე. კი ბატონო, მოაწყონ ცენტრალურ ადგილებში, რუსთაველზე, მაგრამ იქაც შეიძლება დისტანციის დაცვა“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ყველაზე ცუდი პროგნოზი გამართლდება და დღეში ინფიცირებულთა ოდენობა 4 000-მდე მიაღწევს.
„თუ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს, გამართლდება ის პროგნოზი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებდა. ნოემბრის შუიდან ბოლომდე ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3-4 000-ს მიაღწევს და ამით კლინიკური სექტორი მეტად დაიტვირთება.
ამერიკამ, ინგლისმა, გერმანიამ, საფრანგეთმა ვერ გაუძლო გადატვირთვებს. საქართველო უძლებს და კიდევ გაუძლებს, მაგრამ უსასრულო არაფერია. შემდეგ სამედიცინო სერვისების მიწოდება შეიზღუდება, სიკვდილობა გაიზრდება“, – ამბობს ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“.
























