
ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე თეატრების, კინოთეატრებისა თუ გასართობი ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო. თეატრებს სპექტაკლებისა თუ პრემიერების გაწერილი განრიგები აერიათ.
ვასო გოძიაშვილის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი ამ ფაქტით აღშფოთებას ვერ მალავს და სოციალურ ქსელში წერს.
ნანკა კალატოზიშვილი: – თებერვლიდან გაჩერებულია სპექტაკლები და ახლა გვეუბნებით, რომ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების გახსნა?!! ყველას მაგივრად გვსჯით, თუ რა ხდება?!! რკინიგზას როცა კითხვა დავუსვი ივნისში, რატომ ყიდდა ბილეთებს ადგილის გამოტოვების გარეშე და მამგზავრებდა 6 საათი დახურულ სივრცეში, სავსე ვაგონით, მიპასუხეს – რა ვქნათ, ასეაო. ეს ნორმალური იყო და ერთ მოქმედებიანი სპექტაკლები უნდა იყოსო, ანტრაქტის გარეშე, დეკორაცია და რეკვიზიტი მინიმალური, რეპეტიცია მაქსიმუმ 2 საათი და 10 კაცზე მეტის დაკავების შემთხვევაში, დისტანცია 5 მ2-ზე ან 2 მეტრიანი დაშორება.
ჯერ ეს რეგულაციები ცალკე ყოვლად არაკომპეტენტური ადამიანების შედგენილი და თან იმის ფონზე, რაც ხდებოდა მთელი ზაფხული.
წარმოუდგენელია მსგავსი არაპროფესიონალური მიდგომები, რაც კულტურის სფეროს დაატყდა თავს. არც კრიზისული და არც პოსტკრიზისული გეგმა რომ არ არსებობდა და არ არსებობს!!! თეატრი დრამაა კი არა, დრამა და ტრაგედიაა მსგავსი უპასუხისმგებლო ადამიანები, ვისთვისაც კაზინო და თეატრი ერთ საფეხურზე დგას.























