17:07 | 2020-05-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ყველაზე ცუდი პროგნოზები – ეკონომიკური კრიზისის მიზეზები მარტივად და მოკლედ

ყველაზე ცუდი პროგნოზები – ეკონომიკური კრიზისის მიზეზები მარტივად და მოკლედ

კორონავირუსმა და კარანტინმა, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკა უდიდეს კრიზისში ჩააგდო. ყველაზე ცუდი პროგნოზები ხდება – ევროკავშირი ღარიბდება უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.

 

ევროსტატის უახლესი მონაცემებით, ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წლის პირველ სამ თვეში 3,5%-ით შემცირდა. ექსპერტების ცნობით, ასეთი ტემპებით წლის ბოლოს ეკონომიკა 13%-ით დაეცემა რაც დაახლოებით 2 ტრილიონი ევროა.

 

ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ევროს კურსის მქონე ქვეყნების მშპ, წლის ბოლოს 12%-მდე დაეცემა. ევროზონაში, 27-დან 19 ქვეყანა შედის და მათზე მოდის ევროკავშირის ეკონომიკის 85%.

 

რატომ ეცემა ეკონომიკა?

 

მოკლედ რომ ვუპასუხოთ – კარანტინის გამო.

 

იმისათვის, რომ გავიგოთ, კონკრეტულად როგორ მოქმედებს კარანტინი ეკონომიკის მთავარ გამნსანზღვრელზე, მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ), უნდა გავიხსენოთ, თუ რა არის მშპ.

 

მთლიანი შიდა პროდუქტი – ეს არის მოხმარების, ინვესტიციების, სახელმწიფო დანახარჯების და წმინდა ექსპორტის ჯამი ცალკე აღებულ ქვეყანაში.

 

უმეტესობა ქვეყანაში, მშპ-ს პრიორიტეტად მიიჩნევა პირველი და მეორე კომპონენტი – მოხმარება და ინვესტიციები.

 

სწორედ მას მიაყენა დარტყმა კარანტინმა. ადამიანები სახლებში სხედან – ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ და ნაკლებად ხარჯავენ. დახურულია რესტორნები, ბარები. აკრძალულია ტურიზმი და მასობრივი შეკრებები.

 

ეს ყველაფერი ამცირებს მოხმარების კომპონენტს. საფრანგეთში მაგალითად, მოხმარება პირველ კვარტალში 6%-ით შემცირდა.

 

ინვესტიციების კლება კიდევ უფრო არსებითი აღმოჩნდა – მინუს 12%. ბიზნესი არ დებს თანხას განვითარებაში, ადამიანები არ ყიდულობენ საცხოვრებელ სახლებს, კომპანიები არ ქმნიან მარაგს.

 

ინვესტიციების ნაწილი გადადებულია, ნაწილი დაიკარგა სამუდამოდ.

 

ამგვარად, მშპ-ს ორ მთავარ კომპონენტს, ეკონომიკა ფსკერისკენ მიჰყავს. მათი დახმარება კი კი მესამე კომპონენტს შეუძლია – სახელმწიფო დანახარჯები.

 

ხელისუფლებას აქვს საშუალება გამოყოს ან ვალად აიღოს თანხა, იმისათვის, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოახერხოს.

 

მთავრობა ქმნის შეღავათებს, სახელმწიფო ხაზინიდან თანხას აძლევს კერძო სექტორს, ურიგებს ფულს მოსახლეობას და ბიზნესს – სუბსიდიას.

 

ამასთან დამატებითი ხარჯები, რომელშიც შედის სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა, მოქალაქეების რეპატრიაცია, დროებითი საავადმყოფოების მშენებლობა და ასევე წამლებისა და ვაქცინის შემუშავება.

 

აშშ-მა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ეკონომიკური სტიმულირებისთვის 3 ტრილიონი დოლარი გამოყო. ევროპამ თითქმის 2 ტრილიონი, ამასთან სავალუტო ფონდი დამატებით 8 ტრილიონ დოლარს გამოყოფს.

 

წინა კრიზისის პასუხი გაცილებით მოკრძალებული იყო. 2009 წელს, მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა, დღევანდელი კურსის გადმოსახედით, 1 ტრილიონი დოლარი დახარჯეს.

 

ევროპა ყველაზე მეტად ზარალდება

 

ევროპულ კავშირში 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მეტად კოვიდ-19-ის პანდემიამ ევროპელი მოქალაქეები დააზიანა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული.

 

ამერიკული მშპ 1,2%-ი შემცირდა, ხოლო ევროკავშირის 3,5%-ით. წლის ბოლომდე, ევროპა კიდევ უფრო ჩამორჩება კონკურენტებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ევროკავშირში ეკონომიკური ვარდნა იქნება -7%, აშშ-ში -6%, იაპონიაში -5%, ხოლო ევროპის მთავარი კონკურენტი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის მეორე ადგილისთვის ეცილება – ჩინეთი საერთოდაც გადაურჩება ვარდნას და წლიურ მოგებას +1,2%-ად დაასრულებს.

 

კორონავირუსმა მწყობრიდან გამოიყვანა ევროპის მთავარი ძრავები. მათ შორის გერმანია ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, მაშინ როდესაც საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით ლიდერულ პოზიციას იკავებენ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X