
ლაგოდეხის მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა.
ადგილობრივების პროტესტის მიზეზი წყალმომარაგების კომპანიის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მათ მრიცხველის მიხედვით, წყლის გადასახადი უნდა გადაიხადონ.
„გვეუბნებიან ივნისიდან მრიცხველით დაიწყებთ გადახდასო. ჯერ ისედაც გაზრდილი გადასახადი მოდის.
გარდა ამისა, არ გვაქვს სარწყავი წყალი და ყველაფრისთვის ამ წყალს ვიყენებთ. ზაფხულის გვალვებში, შესაძლოა თვეში, 100 ლარის გადახდაც მოგვიწიოს“, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.
ადგილობრივები წყლის გადასახადის სულადობის მიხედვით გადახდას ითხოვენ.
ამ წუთებში მოსახლეობას გაერთიანებული წყალმომარაგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ხვდებიან.
შეგახსენებთ, აქცია ასეთი მოთხოვნით ლაგოდეხში 29 მაისსაც გაიმართა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სასმელი წყლით მოსახლეობის მომრაგების პრობლემა ჯერჯერობით მოგვარებული არ არის.























