
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, სანამ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცის სტატუსს ტოკიოში მოიპოვებდა, ჯერ კიდევ 3 წლის წინ ბებიას დაპირდა, რომ საქართველოში მალე დააბრუნებდა.
ლაშა, საქართველოში თავის ყველაზე დიდ ოცნებაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, უბრალოდ ოცნებობდა, რომ ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრები დაბრუნებოდა.
ბექაურმა გამარჯვებაც მოიპოვა და მისი კიდევ ერთი ოცნებაც შესრულდა – გუშინ საყვარელი ბებია სამშობლოში, მონატრებულ ოჯახში დაბრუნდა და საყვარელი შვილიშვილი, აწ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა მას აეროპორტში დახვდა. მანამდე კი, 2 კვირის წინ, დეიდა დაუბრუნდა, ის 5 წელი არ ჰყავდა ნანახი… ბებიას კი ბოლოს 3 წლის წინ დაემშვიდობა…
ოლიმპიური ჩემპიონი გამთენიისას ბებიას აეროპორტში დახვდა. შეხვედრის ემოციურ ვიდეოს ოლიმპიური ჩემპიონი საზოგადოებას მალე ანახებს.
ბექაური ოჯახის წევრების დაბრუნებით, რა თქმა უნდა, ახლა ძალიან ბედნიერია, მაგრამ სრულფასოვნად ვერ ზეიმობს, რადგან მის უდიდეს სიხარულს ლაიტმოტივად დიდი დარდიც გასდევს. მას ჯერ ბოლომდე ოლიმპიური ჩემპიონობის სიხარულიც კი არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი ნათლიის, ასევე ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა…

„პრაიმტაიმი“ ლაშა ბექაურს ესაუბრა.
„დეიდა ორი კვირის წინ, ბებია კი გუშინ ჩამოვიდა. ბებია 17 წელი იყო ემიგრაციაში, თუმცა პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. ორწელიწადნახევარი არ მყავდა ნანახი. რაც შეეხება დეიდას, ის 5 წელი არ მყავდა ნანახი. როგორც უკვე ვთქვი, ისინი აღარ წავლენ ემიგრაციაში. ჩვენი შეხვედრა ემოციური იყო. ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს დღეს საღამოს სოციალურ ქსელში ავტვირთავ.“ – ამბობს ლაშა ბექაური.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ქართველმა ძიუდოისტმა, 21 წლის ლაშა ბექაურმა საკუთარი ოცნება, ჯერ კიდევ ტოკიოში ყოფნის დროს გააჟღერა, რომ სურდა, ემიგრანტი ბებია და დეიდა საქართველოში ჩამოეყვანა.
როცა ბექაურს ჰკითხეს, თუ რაში აპირებდა იმ მილიონის დახარჯვას, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან მიიღებდა, ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს:
„ბებიაჩემი და დეიდაჩემი არიან საბერძნეთში, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიყვანო.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანაპირები აასრულა, მისი დეიდა და ბებია უკვე საქართველოში არიან.
ნახეთ ვიდეო























