
„პარტია სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად აპირებს.
„ჩვენ „პარტია სამართლიანობისთვის“ ვემზადებით დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობისთვის, მაგრამ ველოდებით ცვლილებების მიღებას.
რეალურად უნდა დავინახოთ როგორი წესით უნდა ჩატარდეს არჩევნები. იქამდე რაიმე საუბარი ვინ სად იქნება მაჟორიტარი და ვინ ვის დაუჭერს მხარს მგონია არის ნაადრევი.
მომავლის პერსპექტივაში ჩვენ არ ვიქნებით არც „ევროპულ საქართველოსთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის კოალიციაში ან გაერთიანებაში ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული.
რაც შეეხება კონსულტაციებსა და დიალოგს, ყველას უნდა შეეძლოს საუბარი გამონაკლისების გარდა, იმისთვის რომ საარჩევნო გარემო იყოს სამართლიანი.
ჩვენ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არ არის დაკავშირებული წინახელისუფლებასთან, მათთან უფრო ვსაუბრობთ ღიად.
ვიქნებით დამოუკიდებლად, თუმცა ვთქვით რომ კონსულტაციებს შევინარჩუნებთ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრებსა და კონსულტაციებს აქტიურად ესწრება ეკა ბესელიაც. ოპოზიციური პარტიების მთავარი გეგმა ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა და საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებაა. ცნობილია რომ პოლიტიკური პარტია „ლელო“ მაჟორიტარ კანდიდატებს დამოუკიდებლად წარადგენს, მსგავსი ტაქტიკა აქვს ეკა ბესელიას „პარტია სამართლიანობისთვის”.























