
12 ნოემბერს ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ლეო ანთაძის დაბადების დღეა – საქართველოს სსრ დამსახურებულ (1961) და სახალხო არტისტს (1979), დღეს 89 წელი შეუსრულდა.
სერიალ „ჩცდ“ -ის ყველასათვის საყვარელ არტისტს, „პრაიმტაიმმა“ დაბადების დღე მიულოცა და იუბილესთან დაკავშირებით ექსკლუზიურად ესაუბრა:
ადრე მიყვარდა ჩემი დაბადების დღე, მაგრამ წლები რომ მემატება, პანიკაში ვარ ჩავარდნილი. ძალიან დიდი ხნის ვარ უკვე!
– კარგად გამოიყურებით და დღემდე მოქმედი მსახიობი ბრძანდებით, როგორ ახერხებთ?
ყოველ დღე ვვარჯიშობ, ჰაერზე დავდივარ, სიგარეტს არ ვეწევი, ერთი სიტყვით, რაც შემიძლია, ვუვლი თავს. საინტერესო ცხოვრება გავიარე, ისეთი პროფესია მაქვს, არ შეიძლება, საინტერესო არ ყოფილიყო.
ერთი პრობლემა მაქვს. ფაიზერით ავიცერი, თან ორჯერ. ჯერჯერობით ოთხი შვილი მყავს, ხმები დადის, ფაიზერით აცრილები მემკვიდრეობას ვეღარ გააგრძელებენო და რომ მცოდნოდა, აღარ გავიკეთებდი. იძულებული ვარ, თავი შევიკავო (იცინის).
– შემიძლია დამაიმედებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, სანდო წყაროდან, რომ „ფაიზერით“ აცრა, ხელს არ უშლის შთამომავლობის გაგრძელებას…
მართლა? რა კარგია, როგორ დამაიმედეთ. მომეხსნა ნერვიულობა… (იცინის) რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ არხზე, ანტივაქსერი საშინლად ილანძღებოდა, არ გაიკეთოთ აცრაო. როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში, ასეთი რამის გავრცელება.
იხოცება ხალხი! ძირითადად, ის ადამიანები, ვინც აუცრელები არიან. ერთ საათზე მეტი საუბრობდა, თან გაბრაზებული. ბევრი უჯერებს ასეთ ადამიანებს და აღარ იცრის. ვიხოცებით ქართველები, უამრავი აუცრელი ადამიანია უკვე კოვიდით გარდაცვლილი.
– როგორ აღნიშნეთ იუბილე?
ჩემი ქალიშვილი ნინო იყო მოსული, ტორტი და ნამცხვრები მომართვა და ახლა ჩემ ვაჟ გიორგის ველოდები, ერთად რომ აღვნიშნოთ.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში, რომ ბედნიერი იყო…
მთავარია საკუთარი პროფესია, შრომა გიყვარდეს. ყველას ვუსურვებ, თავის საქმეში დიდი მიღწევები ჰქონოდეს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მსიამოვნებს ის საქმე, რასაც ვემსახურები, ყველამ უნდა შეიყვაროს თავის საქმე და მეტ წარმატებას მიაღწევს და დიდი სიკეთეს მოუტანს ჩვენ ქვეყანას.
– თქვენც წარმატებებს გისურვებთ და მალე მოგველოცოს 100 წლის იუბილე – თქვენმა შვილიშვილმა, სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომ 11 წლის შემდეგ, 100 წლის ხდებით და ძალიან გიხარიათ…
11 წლის მერე გელოდებით, რაღა დარჩა (იცინის). 80 წლის იუბილე თეატრში მქონდა, გრანდიოზული იუბილე მომიწყვეს, რომ დამთავრდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, ყველას გეპატიჟებით ჩემ 150 წლის იუბილეზე-მეთქი.

ისინი უკვე დაპატიჟებულები არიან, თქვენც გეპატიჟებით, არ გამოგრჩეთ! (იცინის).























