
„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ ბრალდებულს, გიგა გიგუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
5 ივლის ძალადობის ფაქტზე სულ 29 პირია დაკავებული. ბრალდების მხარე კიდევ ერთი პირის პატიმრობას ითხოვს.
ცნობისთვის, 5 ივლის, დედაქალაქის მთავარ მოედანზე, ძალადობრივი დაჯგუფების პირებმა 55 ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათგან 53 მედიის წარმომადგენელია, რომლებიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. დაშავებულთა შორის იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეც. გავრცელებული ინფორმაციით, ჰომოფობიურად განწყობილმა პირებმა ტურისტი საყურის ტარების გამო, ცივი იარაღით დაჭრეს.
ცემიდან ერთი კვირის თავზე, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სახის ძვლები ჩამტვრეული ჰქონდა, გარდაცვლილი იპოვეს.
5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.






















