
„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზაში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ კვლევამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის კი იმას, მიღებული ჰქონდა თუ არა ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული ნივთიერება, ან რაიმე საძილე პრეპარატი.
„მიცვალებული გამოკვლეული იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად. ჩემი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამავდროულად, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც აიღეს შესაბამისი მასალა. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ამ ეტაპზე ძირითადი, სტანდარტული შეკითხვები, რაც მდგომარეობს შემდეგში: რა არის უშუალოდ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას. რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, იკვეთება თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის.
ასევე დგას საკითხი და გვამიდან აღებული იქნა ნიმუში პასუხის გასაცემად, მიღებული ჰქონდა თუ რა ნარკოტიკული ნივთიერება, მიღებული ჰქონდა, თუ არა რაიმე საძილე პრეპარატი, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებას ხომ არ ჰქონდა ადგილი. ამავდროულად, აღებული იქნა თითს ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ-ის კვლევისთვის მასალა სახის და ხელის მიდამოდან“, – აღნიშნავს გეჯაძე.
მისივე თქმით, ჯერ კატეგორიულად ვერ ისაუბრებს, რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი.
საბოლოოდ რა გახდა უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე კატეგორიულად ვერ ვისაუბრებთ, რამე თუ ერთ თვეში, თვე-ნახევრში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით, უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კველევა, რასაც საკმაო დრო სჭირდება.
აღებულ იქნა სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები. რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში.
შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა“,- ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი.
შსს-მ ახალი კადრები გაასაჯაროვა, სადაც, მათი თქმით, ლექსო ლაშქარავა არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანს
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ასევე ნახეთ:























