00:25 | 2021-12-28 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი: ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას ადეიშვილის პროკურატურაში, მისი დანიშვნა „ოცნების“ მხრიდან იყო აბსოლუტური ცინიზმი

ლევან გოგიჩაიშვილი: ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას ადეიშვილის პროკურატურაში, მისი დანიშვნა „ოცნების“ მხრიდან იყო აბსოლუტური ცინიზმი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს უკვე წარედგინა.

 

არსებული უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმება.

 

ყოფილი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი თავის დროზე ლონდა თოლორაიას დანიშვნას მწვავედ აკრიტიკებდა. გოგიჩაიშვილი მას დღესაც ადეიშვილის კადრად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მისი თანამდებობაზე განმწესება ცინიზმი იყო.

 

„ვეწინააღმდეგებოდი ლონდა თოლორაიას ამ თანამდებობაზე დანიშვნას, რადგან ის არ იყო ადამიანი, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურისთვის უნდა ეხელმძღვანელა. ქალბატონი ლონდა, არის სისტემის ადამიანი, იმ სისტემის, რომელიც ძალიან მძიმე დროს, წინა ხელისუფლების პერიოდში ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკას ადეიშვილის პროკურატურაში. ასეთი ადამიანის წამოყენება ასეთ თანამდებობაზე ქართული ოცნების მხრიდან ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტური ცინიზმი.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ძალიან მნიშვნელოვანი უწყებაა, მან უნდა გამოიძიოს ძალოვანი უწყებების ჩადენილი დანაშაულებები. ასევე ამ სამსახურს უჭირავს ერთ-ერთი გასაღები, რომ უკანონო მოსმენები გაკონტროლდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, მე არ მახსოვს ამ სამსახურის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

მისივე თქმით, ლონდა თოლორაიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა, თავის დროზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოხდა.

 

„მქონდა ძალიან კრიტიკული გამოსვლები და ვაკრიტიკებდი ქართულ ოცნებას, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე ნიშნავდნენ ადეიშვილის სისტემის ახალგაზრდა პროკურორს, რომელიც კურირებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. ეს ადამიანი იმ პერიოდში იყო ამ თანამდებობაზე, როდესაც ყველაზე მძიმე პოლიტიკა ხორციელდებოდა არასრულწლოვნების მიმართ. აძლევდნენ მაქსიმალურ სასჯელებს და მერე პენიტენციურ სისტემაში იმყოფებოდნენ ტერორის ქვეშ. ეს არის ის პერიოდი, როდესაც სპეცრაზმი შეჰყავდათ არასრულწოვნებთან და უმოწყალოდ სცემდნენ, აწამებდნენ და არადამიანურად ეპყრობოდნენ.“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X