
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს.
როგორც დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პანიკაა, რომელიც არანაკლებ პრობლემებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსი.
„ვფიქრობ, იმ ზიანს, რაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. იმისთვის, რომ პროცესების მართვა უფრო მეტად შევძლოთ, არ არის აუცილებელი რაღაც გადაწყვეტილება გადავდოთ. გთავაზობთ, ვიფიქროთ ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იმ ზარალს, რასაც ეკონომიკა მიიღებს, ეს პანიკა მაინც გამოიწვევს. გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, პირველ რიგში, პანიკას ჩავაცხრობთ. მეორე რიგში კი, გამოვავლენთ პრობლემებს და სახელმწიფოს ექნება ლეგალური შესაძლებლობა, რომ მართოს პროცესი როგორც ვირუსის აღმოფხვრის, ისე პანიკის თვალსაზრისით”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება
ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები






















