13:08 | 2020-04-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ლილოს ბაზრობის ადმინისტრაცია დახურული მაღაზიების მოვაჭრეებს გადასახადს სთხოვს

ლილოს ბაზრობის ადმინისტრაცია დახურული მაღაზიების მოვაჭრეებს გადასახადს სთხოვს

საქართველოში, კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის გამო, 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

19 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

ამ ფონზე უმუშევრად ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, მათ შორის სხვადასხვა ბაზრობებზე არსებულ ჯიხურებში მომუშავე პირები, რომლებსაც ფართები იჯარით აქვთ აღებული.

 

ერთ-ერთი ასეთი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლია“, რომელიც მოიჯარეებს მთლიანი გადასახადის 30%-ის გადახდას სთხოვს.

 

ამ თემაზე, „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ბაზრობის ადმინისტრაციას, სადაც აცხადებენ, რომ თანხას მოიჯარეები დაცვისთვის გადაიხდიან.

 

ესენი იხდიან თავის საქონლის დაცვის ფულს – ლილოს ადმინისტრაცია

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბაზრობაზე ყველა მაღაზია დახურულია და მოვაჭრეებს არანაირი შემოსავალი არ აქვთ, ამ თანხის გადახდა მაინც მოუწევთ.

 

„თუ არ გადაიხდი იმ გადასახადს, რომელსაც ლილო დაგიწესებს, მერე ყოველდღიურად პროცენტები ემატება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ერთ-ერთი მოვაჭრე.

 

ლილოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 30 პროცენტი, რომელიც საგანგები მდგომარეობის პირობებში მოვაჭრეებს დააკისრეს, საშუალოდ 90-დან 140 ლარს შეადგენს, თუმცა მოიჯარეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს გადასახადი დამოკიდებულია, როგორც ფართის მოცულობაზე, ასევე დოლარის კურსზე და ეს გადასახადი ზოგჯერ 400 ლარსაც აღწევს.

 

გადასახადზე მოთხოვნა ბაზრობის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს შეტყობინების სახით დაუგზავნა.

 

„26 მარტს გადავიხადეთ წინა თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გამო მარტის თვის დასაწყისშივე მაღაზიების ნაწილი დაიკეტა, რადგან ხალხს შეეშინდა და თან არც არავინ არ დადიოდა ბაზრობაზე.

 

„გვაინტერესებს, თუ თვითონ არ აქვთ იმის საშაულება, რომ დაცვას გადაუხადონ თანხა, ამხელა შემოსავლების მქონე ლილოს, ჩვენ როგორ გადავიხადოთ?“ , – ამბობენ მოვაჭრეები.

 

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

 

ელიავას ბაზრობა დაკეტილია, თუმცა დირექტორი მოვაჭრეებისგან ქირის გადახდას ითხოვს

 

 

მიმდინარე მოვლენების შესახებ: 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X