
ჩინეთის და იტალიის გარდა, კორონავირუსმა განსაკუთრებულად დააზარალა ამერიკა. ვირუსს შტატებში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პანდემიის გამოცხადებისას საკუთარ ქვეყანაში არაერთი ადამიანი დაბრუნდა, თუმცა ემიგრანტების ნაწილი ისევ საზღვარგარეთ დარჩა და ბევრს, მძიმე ვირუსთან გამკლავება სამშობლოსგან შორს მოუხდა.
ასე მოხდა ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტის ნინო ვასაძის შემთხვევაშიც, თუმცა ქართველი ექიმების დახმარებით კორონავირუსი მოკლე პერიოდში დაამარცხა და თავს შესანიშნავად გრძნობს.
„პრაიმტაიმი“ ნინო ვასაძეს ამერიკაში დაუკავშირდა.
– მე ნიუ-იორკის შტატში ქალაქ მონროში ვცხოვრობ, სადაც ცხოვრობენ ორთოდოქსი ებრაელები. მათ დიდი ოჯახები აქვთ, ჰყავთ ბევრი შვილები.
18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბევრი ორთოდოქსი ებრაელი დაავადდა ამ ვირუსით და ფაქტიურად დაიკეტა ჩვენი დასახლება.
დაიხურა მაღაზიებიც. როცა ყველაფერი გაჩერდა, უსაქმოდ დავრჩით და შევიკრიბეთ. არავის არანაირი სიმპტომები არ ჰქონია. აქ ცხოვრობს ერთი ბიჭი, რომელსაც 20 მარტს მისცა სიცხე და დაუდგინდა კორონავირუსი. სიცხის დამწევებს როცა სვამდა, პირიქით უფრო მაღალი ჰქონდა ტემპერატურა და თავს ცუდად გრძნობდა.
ამბობდა, ასე არასდროს ვყოფილვარო. მასთან კომუნიკაცია ყველას ეშინოდა, მაგრამ მე ორი ბიჭის დედა ვარ და თავს უფლება არ მივეცი, შიშის გამო არ მიმეხედა ამ ადამიანისთვის.
ზუსტად 10 დღეში ვიგრძენი სისუსტე, ჩამეძინა, როცა გავიღვიძე მქონდა ტემპერატურა 38.5 და საშინელი თვალის ტკივილი.
სასწრაფოდ დავურეკე თბილისში ჩემს შვილს, მან ჩამწერა ექიმთან ამერიკაში და მეორე დღეს, საკუთარი მანქანით მივედი კლინიკაში.
ეზოში გამსინჯეს, ამიჟეს ნაცხის ანალიზი, ჩამიტარდა ტესტი და დამიდასტურდა კორონავირუსი.
მე თვითონ ვუთხარი ექიმს აზიტრომიცინი დაენიშნა, რადგან რეცეპტის გარეშე ამერიკაში წამალს ვერ იყიდი. წამოვედი, ვიყიდე წამალი და სახლში მოსვლისთანავე დავურეკე ქართველ ექიმებს, ლევან რატიან, მაია ჯინჭოლავას და მანანა ამორალაშვილს.
ვსვამდი აზიტრომიცინს და თან სიმპტომურად რაც იყო გასაკეთებელი, ამის რეკომენდაციებს მაძლევდნენ ეს ადამიანები.
იმ დღესვე მოვიყვანე მამაო, აკურთხა სახლი, ასევე, ძალიან დიდი ყურადრება გამოიჩინა „კრიზის ცენტრმა“, რომელიც ქართველებმა დააფუძნეს ამერიკაში და უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ ჩემს გარდა.
– რამდენ ხანს მკურნალობდით?
– სამი დღეში გავხდი კარგად, შემდეგი სამი დღე ცოტა სისუსტე მქონდა, ტესტი რომ არ გამეკეთებინა, შესაძლოა ვერც გამეგო, რომ კორონავირუსი მქონდა. ქართველი ექიმების რეკომენდაციებით გამოვედი მდგომარეობიდან.
ჩემს სახლში სულ 9 ქართველი ვცხოვრობთ და მხოლოდ ორს გვქონდა კორონავირუსი. ვირუსის დადასტურებიდან მეოცე დღეს იყო ჩემი დაბადების დღე, რომელიც უცნაურად ავღნიშნეთ, სახლში ორმეტრიანი დისტანციით ვისხედით და ავღნიშნავდით დაბადების დღეს.
– განმეორებითი ტესტის შედეგებმა რა აჩვენა?
– გამოჯანმრთელების შემდეგ გავიკეთე ტესტი, მაინტერესებდა გამოიმუშავა თუ არა ჩემმა ორგანიზმმა ვირუსზე ანტისხეულები და ექიმები სახტად დარჩნენ.
აქაური ზედაზღვარი არის 14.9, მე კი 21.8 მქონდა ანალიზების პასუხი, ანუ შემიძლია დონორიც გავხდე. ბევრ ადამიანს კორონავირუსზე საერთოდ არ გამოუმუშავდა ანტისხეულები.
– როგორც ვიცი, ბიჭი ვისგანაც გადაგედოთ ვირუსი, სწორედ თქვენი ძალისხმევით გამოჯანმრთელდა…
– ისეთი მაღალი სიცხე ჰქონდა ბოდავდა, ჩემი შვილისხელაა და ვუთხარი მეხუთე დღეს, ახლა შენ დარეკავ სასწრაფოდ თბილისში და შეათანხმებ ნებისმიერ ადამიანთან ანტიბიოტიკების მიღებას-მეთქი და ასეც მოიქცა.
აქ ცხოვრობს ერთი ადამიანი, რომელიც დავირუსების შემდეგ 27 დღე აპარატზე იყო შეერთებული და 33 კილოგრამი დაიკლო, ისე მძიმედ გახლდათ, მას სისხლის პლაზმით უმკურნალეს ქართველების მოთხოვნით და ღმერთმა გადაარჩინა.

























