22:50 | 2020-03-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მაია ცქიტიშვილი – დაწესებული შეზღუდვა ეხება, როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს

მაია ცქიტიშვილი – დაწესებული შეზღუდვა ეხება, როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს

საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება, როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საერო ხელისუფლება და ეკლესია ყოველთვის ახერხებდნენ გააზრებულ და რაციონალურ დიალოგს.

 

„გამოვრიცხავ რაიმე კავშირს საგანგებო მდგომარეობის შემოღებასა და  სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. ჩვენი ისტორია და სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ეკლესიასთან. ჩვენს ეკლესიას აქვს 15 საუკუნის ისტორია და ის გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც ეკლესიაშია თავმოყრილი, არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ვირუსის  გავრცელებასთან.

 

საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების  შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური  დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X