13:10 | 2021-01-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“მაიძულეს, რომ ეს სითავხედე ჩამედინა” – “შინდისის” შემქმნელები ახალი ფილმის გადაღებას იწყებენ

“მაიძულეს, რომ ეს სითავხედე ჩამედინა” – “შინდისის” შემქმნელები ახალი ფილმის გადაღებას იწყებენ

ედმონდ მინაშვილი, რომელსაც საზოგადოება რუსთაველის თეატრის გარდა, მნიშვნელოვანი პროექტით – “შინდისით” იცნობს, პირველი სრულმეტრაჟიანი, მხატვრული ფილმის გადაღებას იწყებს. ედმონდს დოკუმენტური ფილმების გადაღების გამოცდილება აქვს, მხატვრული ფილმი, მისთვის, სადებიუტოა.

 

ფილმში, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მხატვრული ფილმის, “შინდისის” შემოქმედებითი ჯგუფია ჩართული: პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, დამდგმელი ოპერატორი მინდია ესაძე. ახალბედა რეჟისორს კი კონსულტაციას, “შინდისის” რეჟისორი, დიტო ცინცაძე უწევს.

 

“მემკვიდრეობა” რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული არტჰაუსია, რომელიც 90-იანი წლების დასავლეთ საქართველოს ისტორიას გვიამბობს. როგორც მინაშვილი გვიყვება, ეპოქის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

ედმონდ მინაშვილი: დღემდე კახი კალაძეს ეს არსად არ უთქვამს, ამ ყველაფერს არ ვყვები წინასაარჩევნოდ | საქართველო და მსოფლიო

 

ედმონდ მინაშვილი: – ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, სოციალური პრობლემებით სავსე 90-იანი წლების სოციუმით. ფილმი 14-15 წლის მოზარდის ტრაგედიას გვიყვება. ამ ასაკის მოზარდების პრობლემებსა და კონფლიქტებზეა…

 

დათუნა სარალიძის პროცესებს რომ ვადევნებდი თვალყურს და გაუთავებელ მიტინგებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, მეშვი-მეცხრე კლასელმა, რატომ უნდა ჩაიდოს ჯიბეში დანა და ატაროს სკოლაში-მეთქი? თუ ვინმეს გავლენის ქვეშ არ არის, არ არის კრიმინალური მენტალიტეტის მსხვერპლი, ასე არ მოიქცევა. ეს მენტალიტეტი როგორ მძვინვარებდა 90-იან წლებში, გახსოვთ. უსაზღვრო გავლენები ჰქონდათ. მცირე დოზით, მაგრამ ეს მენტალიტეტი საზოგადოებაში, დღესაც შემორჩენილია. ამაზე გვინდა ვისაუბროთ, რომ ეს ცუდია და მას ტრაგედიებამდე მივყავართ.

 

კინოს დანიშნულებაც ის არის, საზოგადოებას პრობლემა გარკვეული დოზით მიაწოდოს. თუ ერთ მოზარდს მაინც დავანახებთ, რომ ეს არასწორია, მიზანი მიღწეულია.

 

ბავშვი ვიყავი, როდესაც ეს ისტორია მოვისმინე, რომელზეც ახლა მსურს ფილმის გადაღება. ეს ტრაგედია ოჯახიდან დაიწყო, ბავშვი მისი გავლენის ქვეშ მოექცა. ჩახლართული ამბავია, რომელსაც წინასწარ არ მოვყვები.

 

სცენარი ჩემია და გადავწყვიტე, რომ ფილმიც მე გადამეღო. დიტო ცინცაძე ფილმის კონსულტანტია. მას ჩემს პედაგოგად ვთვლი და ასეთი ხუმრობა მაქვს, დიტო ცინცაძის სკოლა მაქვს დამთავრებული-მეთქი. გერმანიაშია, მაგრამ მასთან ყოველდღიურ ონლაინ-კონსულტაციას გავდივარ. რაც მახარებს არის ის, რომ მას ჩემი ხედვები მოსწონს. დიტომ მაიძულა, რომ ეს ფილმი გადამეღო. სცენარი ძალიან მოეწონა და საუბარში მითხრა, შენ ხომ არ გადაიღებდი ამ ფილმსო? ზუსტად ხედავ, როგორიც უნდა იყოს და მე ეს ხედვა მომწონსო. გაბედე, გარისკე და გადაიღეო. აი, ასე მან და ჩემმა მეგობრებმა, მინდია ესაძემ და ვლადიმერ კაჭარავამ მომცეს გადაღების ძალა. ნდობა და მხარდაჭერა გამომიცხადეს და მაიძულეს, რომ ეს სითავხედე ჩამედინა.

 

ახლა მსახიობების ქასთინგის პროცესში ვართ. დამტკიცებული ჯერ არავინ მყავს, თუმცა რეალური კანდიდატები გამოჩდნენ. გადაღება ქუთაისში, ჭიათურასა და ფოთში გვექნება… გადაღებებს მარტში ვიწყებთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X