
რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის წერილი გახდა ცნობილი, რომელიც კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერს, ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს ან შესაძლოა, თავად თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა.
ეს წერილი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „იმედის” ეთერში, ბაჩალიაშვილის ბებიამ თამარის სასიყვარულო დეტალები გააჟღერა. ბებიამ თქვა, რომ თამარი თავის უფროსზე იყო შეყვარებული.
„ძვირფასო, მე გწერ 2020 წლის 4 აპრილიდან. თუ არ წაგიკითხავს, უკეთესია, მართალია ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასოდეს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო.
ნეტა იცოდე რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა. პირველი, რაც მინდა იცოდე ისაა, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოვქცეულვარ, გულშიც კი არ გამივლია შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება, არასდროს, არც შეგნებულად და არც შეუგნებლად. პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის.
არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი ან როგორ მიიღე, რა მოგიყვა ან როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ მერწმუნე, არასდროს განგებ ცუდის ჩადენა არც კი მიფიქრია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ და არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ.
მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც, რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე, ძალიან სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის, შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული (ახსენებს კონკრეტულ ადამიანს)… მახსოვს, ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან, ამის ფონზე კი შენი დაცვის იმედით გათამამებული შენი მეგობარი როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არაფერს…” – აღნიშნულია წერილში.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.























