16:54 | 2020-08-06 ავტორი: თამარ გონგაძე

მალე ეკრანებზე ახალი სერიალი გამოჩნდება – მოქმედება მთლიანად ბათუმში ვითარდება

მალე ეკრანებზე ახალი სერიალი გამოჩნდება – მოქმედება მთლიანად ბათუმში ვითარდება

რვა აგვისტოდან ყოველ შაბათ-კვირას “აჭარის ტელევიზიაზე” ახალი სერიალი გავა. “ერთხელ ბათუმში” ასე ჰქვია სატელევიზიო პროდუქტს, რომელსაც ნუგზარ ერგემლიძის ნოველების მიხედვით ირაკლი კიკვაძე იღებს.

 

მოქმედება თანამედროვე ეპოქის ბათუმში ვითარდება და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მასში ჩვენი დროის სხვადასხვა აქტუალურ თემებს ვიხილავთ.

 

სერიალში სცენარის ავტორიც თამაშობს. ნუგზარ ერგემლიძეს მეთევზის როლი აქვს, რომელიც მოგონებების სახით ისტორიებს იხსენებს.

 

ნუგზარ ერგემლიძე: – ერთ-ერთი მთავარი გმირია ოქროს თევზი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი სიუჟეტი. ეს იქნება ნახევრად იუმორისტული, ნახევრად მუსიკალური, გასართობი სერიალი.

 

 

 

მთავარ როლში ზურაბ ცინცქილაძეა. მსახიობი მილიონერი ბიზნესმენის როლშია. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, მის გმირს, ლევანს, სამშენებლო ბიზნესი და რესტორნების ქსელი აქვს და “გრიალებს”. სერიალში ცინცქილაძის მეუღლე, მსახიობი თამრიკო დათუაშვილი ლევანის საყვარლის როლშია.

 

ზურაბ ცინცქილაძე: – თამრიკომ თავისას მიაღწია – ჩემი საყვარელი გახდა! რამდენ ხანს უნდა იყოს ცოლი?! აგერ 40 წელია ცოლ-ქმარი ვართ.

 

მინდა გითხრათ, თამრიკო თავის გმირზე, თამუნიაზე ეჭვიანობს. ვინ არ ყოფილა ჩემი ცოლი – ფილმში, სერიალში, სპექტაკლში, არავისზე არ უეჭვიანია. ახლა თვითონ რომ არის საყვარლის როლში, ეჭვიანობა დაიწყო: შენ რაღაც სხვანაირად მელაპარაკები, ესე იგი, საყვარლის ყოლის გამოცდილება გაქვსო. არადა, მე ლევანის როლში ვარ. ეტყობა, იმდენად დამაჯერებელი ვარ, რომ თამრიკო ეჭვიანობს. აქედან გამომდინარე, მე ჩემი სამსახიობო ოსტატობა მომეწონა.

 

 

სერიალში სხვა ბათუმელ მსახიობებთან ერთად ვიხილავთ მომღერალ ნუგზარ კვაშალსაც.

 

ნუგზარ კვაშალი: – მე ებრაელი მოშეს როლი მაქვს, რომელიც ბათუმს მრავალწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება და ეძებს სახლს, სადაც 1935 წელს ცხოვრობდა.

 

ნუგზარ ერგემლიძემ ჩემში ებრაელი დაინახა, როგორც მხარჯველში, თან ვიზუალურად მიმამსგავსა, ეტყობა. უნიჭიერესი ადამიანია, ყველგან და ყველაფერში. ერთგული ძმაკაცია, თავის ნიჭს არ აფიშირებს. ახლახან აკაკი წერეთლის პრემია მიიღო.

 

ოთხ სერიაში გადამიღეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოქმედება. რა იცით, რა ხდება? საზღვრები თუ გაიხსნა და მოშე ისევ გახდა საჭირო, ეგებ თავისი ბათუმელი ძმაკაცები წაიყვანოს ისრაელში.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X