15:47 | 2021-01-28 ავტორი: Prime Time

მალტის პრემიერ-მინისტრის თქმით, სასწრაფოდ საჭიროა 2 მლნ ევროს გამოყოფა ვაქცინის 80 000 დოზის შესასყიდად

მალტის პრემიერ-მინისტრის თქმით, სასწრაფოდ საჭიროა 2 მლნ ევროს გამოყოფა ვაქცინის 80 000 დოზის შესასყიდად

მალტის პრემიერ-მინისტრის, რობერტ აბელას განცხადებით, Moderna-ს წარმოების ვაქცინის 80 ათასი დოზის შესყიდვისთვის სასწრაფოდ უნდა გამოიყოს 2 მლნ ევრო, გამომდინარე იქედან, რომ მცირდება ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ვაქცინის მიწოდება. ამის შესახებ გამოცემა Maltatoday წერს. 

 

მომდევნო კვირებში, ვაქცინაციის პროგრამის გაზრდის მიზნით, მალტა ყიდულობს Moderna-ს ვაქცინის დამატებით 80 ათას დოზას. პრემიერმა, 26 იანვარს, საღამოს, განუცხადა პარლამენტს, რომ საჭიროა 2 მლნ ევროს გამოყოფა ვაქცინის შესყიდვის მიზნით. ასევე, მან დააანონსა რომ ქვეყანა მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 14 ათას დოზას.

 

ამჟამად, ევროკავშირის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია გაცემული აქვს Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინებზე. მალტას შეკვეთილი აქვს Moderna-ს 100 ათასი და Pfizer-ის 670 ათასი დოზა.

 

პრემიერის განცხადებას წინ უსწრებდა ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირება, რაც დაკავშირებულია AstraZeneca-ს მიერ, ევროპის 27 ქვეყნისთვის, ვაქცინის მიწოდების შემცირებასთან.

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Moderna-სთან, რომ მათ მიერ მოწოდებული ვაქცინის დოზების რაოდენობა გაიზარდოს 270 ათასამდე, გამომდინარე იქედან, რომ სხვა მწარმოებლების მოწოდების ვადები არის დარღვეული.

 

ცნობისთვის: საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მალტამ ვაქცინის იმაზე მეტი დოზა შეისყიდა, ვიდრე სჭირდება, ამიტომაც ეს ქვეყანა მზადაა 1 მლნ დოზა ღარიბ ქვეყნებს უფასოდ გაუნაწილოს.

 

„რის ასეთი ევროკავშირის წევრი კუნძული მალტა, რომელმაც მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე სჭირდებოდა. მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს, რომელთა შორის შედის საქართველოც. შეუძლებელია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გქონდეთ. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს მაგრამ ეს ხელმისაწვდომი ინფორმაციაა ღია წყაროებიდან. რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი უფასოდ გადასცენ საქართველოს, რადგან ისინი აპირებენ უფასოდ გადასცენ ვაქცინა ქვეყნებს. რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი რატომ არ ინძრევით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

ავტორი: Prime Time

X