
“ჩემთვის იყავი, ხარ და იქნები კაცობის, ადამიანობის, მეგობრობის და მამობის მაგალითი. სულ ჩემთან ხარ სიშორის მიუხედავად. უბრალოდ, ერთი გემრიელი ჩახუტება მენატრება. დაბადების დღეს გილოცავ, მამა…” – წერს ნატო გელაშვილი “ფეისბუქზე.”
ნატოს მამა ოთხი წლის წინ გარდაეცვალა. მანამდე ძმა და დედა დაკარგა. ზედიზედ სამ წელიწადში სამ უძვირფასეს ადამიანს მიყოლებით დაემშვიდობა. ავტორ-შემსრულებელი გააზრებას ვერ ასწრებდა, დეპრესიის დრო არ ჰქონდა, რომ ახალი განსაცდელი ატყდებოდა თავს. აი, რას ჰყვება ის ერთ-ერთ ინტევიუში.
ნატო გელაშვილი: – მე და მამა ერთმანეთს ძალიან ვგავდით, მისი ასლი ვარ. ხასიათით გაწონასწორებული იყო და ვერასდროს შეატყობდით, რომ ამხელა დარდს ატარებდა. მეც თუ ცუდად ვარ, მირჩევნია, სახლში ვიჯდე და სხვამ არ შეამჩნიოს, რა მდგომარეობაში ვარ.
ძმის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი განახევრებული იყო და ფაქტიც სახეზეა. ერთ წელიწადში დედაც და მამაც თავიანთი შვილის გვერდით აღმოჩნდნენ. მამას არასდროს არაფერი სტკენია. დილით ბაღში ვარჯიშობდა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო…
მახსოვს, ექიმი რომ გამოვიდა, პირდაპირ მითხრა, ნატო, ვერაფერს იზამ, მეოთხე სტადიააო. რამდენიმე წამში მამა შემოვიდა. იმ დღიდან კიდევ ახალი თამაშის დაწყება მომიწია. იმდენად ბუნებრივად ვუთხარი, რომ მსუბუქ რაღაცაზე იყო საუბარი და ოპერაციის შედეგად ამოისუნთქებდა, ეს ბოლომდე სჯეროდა.
ნატოს მამა ახალი გარდაცვლილი ჰყვადა, როდესაც იერუსალიმში კონცერტის დროს, მასთან მივიდა კაცი, რომელიც მამამისს იცნობდა. აი, რა მოგვიყვა ნატომ.
ნატო გელაშვილი: – ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, წელიწადნახევრის წინ, ისრაელში პირველად ჩავედი. ჩემს კონცერტზე მოვიდა ადამიანი, რომელიც თურმე მამაჩემს იცნობდა. საუბარში მამა და მისი მეგობრები მიხსენა. გავგიჟდი! თან იმ დროს მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა და ამ კაცმა ეს ტკივილი გადამატანინა. წმინდა მიწაზე ის ღმერთმა გამომიგზავნა… მე მას ნათლიას და მამას ვეძახი. და ახლა, როცა არც ჩემი მშობლები აღარ არიან და არც ჩემი ძმა, ეს ღირსეული კაცი ჩემი ოჯახის გაგრძელებაა. ანუ ისრაელში მე ოჯახი მყავს და სტუმრად მასთან ჩავდივარ. ორი თვე რომ გადის, მერაბი მირეკავს, მომენატრე, ნათლი, აიღე ბილეთი და გამოფრინდიო…
საოცრად განათლებული ადამიანია. მართლმადიდებლობაზე იმდენი რამ იცის, მე არ ვიცი ამდენი. ნაბიჯ-ნაბიჯ მომატარა ყველა ადგილი. თან დეტალურად მიამბობს ყველაფერს. გოლგოთის გზა გამატარა. ნათლობით დავიწყოთო და იორდანესთან მივედით, ზუსტად უფლის ნათლობის ადგილას. ოქტომბერი იყო. კვართი დამახვედრა, მდინარეში შემაცილა და სამჯერ ჩაყვნითეო, მითხრა. მდინარიდან ამოსულმა ვუთხარი, ჩემი ნათლია ხარ-მეთქი… ნათლიად მოვიხსენიებ. ბუნებრივია, მონათლული ვარ და ორი ნათლია მყავდა, ერთი გარდაცვლილია. მაგრამ მერაბ მიხაელი მესამე ნათლიად მომევლინა. ის ქართველი ებრაელია. მსგავს ადამიანს – გინდა ადამიანობაში, გინდა რელიგიაში გარკვეულს მართლა არ ვიცნობ.






















