
მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ “ფარულ კონვერტში” მოჰყვა ისტორია, თუ როგორ აღნიშნავს მეგობრებთან ერთად ირინობას. ეს დღე ეძღვნება ირინა მიქატაძეს, გია ფერაძის ცოლს, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა…
მსახიობი ჰყვება, რომ მის სამეგობროში ირინა იყო პირველი, რომელიც ასე ადრეულ ასაკში დაიღუპა.
ნანა ლორთქიფანიძე: – 23 წლის ვიყავი. თუმანიშვილის თეატრში მივდიოდი. ნატაშა შენგელაია შემხვდა და ეს ტრაგედია რომ მითხრა, არ დავუჯერე. მაგრამ მაშინვე მოვბრუნდი, ტაქსი გავაჩერე და მიქატაძეების სახლისკენ წავედი…
ჩვენი წრის ცხოვრება წლების მანძილზე დაინგრა. მაშინ მოხდა ნევროზების აღმოჩენა, დეპრესიები…
წელიწადში სამჯერ – მის დაბადების და გარდაცვალების დღეს და მაისში, ირინობას მივდივართ ირინას სასაფლაოზე და მერე აუცილებლად სადღაც დავსხდებით და აღვნიშნავთ.

ეს შემზარავი ტრაგედია 24 წლის წინათ დატრიალდა. კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის საყვარელმა კოლორიტულმა პერსონამ, გია ფერაძემ თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დათრგუნა და აალაპარაკა თბილისი.
ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო – გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა და მოკლა…
შემზარავი იყო ტრაგედიის გაგრძელებაც – ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა – ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური შვილის მკვლელ სიძეზე – ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ.

გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას ჰყავს კიდევ ერთი მსხვერპლი – მარიკუნა, გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ის 11 თვის იყო, მამამ დედა რომ მოუკლა. მარიკუნა ბაბუმ და ბებომ – ჯუნა მიქატაძემ და მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
დღეს მარიკუნა მიქატაძეს აღარც ბაბუა ჰყავს, აღარც ბებია და აღარც მამა. მწარე რეალობის მსხვერპლი მორიგი მწარე რეალობის პირისპირ აღმოჩნდა – ჯუნა მიქატაძის სიკვდილის შემდეგ ის ღვთის ანაბარა მიატოვეს ნათესავებმა, მეგობრებმა, ყველამ, ვინც ჯუნა მიქატაძის სიცოცხლეში გარს ეხვია…
მარიკუნა მიქატაძე: – მამას არ ვიცნობდი, მხოლოდ ფილმებითა და ტელევიზიით მყავს ნანახი… ახლა უკვე მოვერიე ჩემს თავს, თორემ თავიდან ძალიან დიდი აგრესია მქონდა მამაჩემზე. შემთხვევით იყო, ძალით იყო, თუ რა იყო, მაინც ის არის, რომ მე დედა არ მყავს, გიას გაუთვალისწინებელი ნაბიჯის გამო. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის, ასეა დღემდე და ალბათ, ასე იქნება მთელი ცხოვრება…
მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დედა არ მყავს, ამას შეეწირა ბებიაჩემი, ბაბუაჩემი… ახლა ცოტა შეცოდების მომენტიც გამიჩნდა მამაჩემის მიმართ. ალბათ, თვითონაც განიცდიდა, ეს რომ დაემართა, ციხეში იჯდა და ამაზე მეტი საფიქრალი რა ექნებოდა… გული მწყდება, რომ არ ვიცნობდი…

– ბავშვობაში დედა რომ მოიკითხეთ, რა გიპასუხეს?
– ლაპარაკი რომ დავიწყე, დედა ეგრევე დავუძახე ბებიას, რომელიც მზრდიდა. არ ვსვამდი კითხვას, რატომაა დედაჩემი ბებერიმეთქი, მაგრამ, როცა ბავშვებისგან მესმოდა: „დედაჩემი ახალგაზრდაა, ლამაზია“, სულ კომპლექსი მქონდა, მე რატომ მყავს ასეთი მოხუცებული დედა…
სამი წლის ვიქნებოდი, ფოტოების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხრა, ეს დედაშენია და საზღვარგარეთაა წასულიო.
6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატომაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაში წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?..
ავვარდი სახლში, დავიწყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარდი, მომიყევით სიმართლე, მანახეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი…
მაგრამ მერე დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკლა, მამამ დედა მოუკლაო…
საერთოდ, მამაჩემის ხსენება არ ყოფილა სახლში. მერე, რომ გავიგე, დედა მომიკლა, და ვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხრეს, რომ ციხეშია. 11 წლის ვიქნებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებოდა სკოლაში. 12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მამაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნდა მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა…
ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანაშვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩემი და, რომელიც პირველი და მეორე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი.
ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით…
ბაბუას ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, ფიქრობდა, რომ საერთოდ გაექრო გია. შემდეგ პატრიარქმა დაიბარა ჯუნა, ბავშვს მკვლელი მამაც ეყოფა, მკვლელ ბაბუასაც ნუ დაუმატებ, აკმარე, ნუ გაწირავ ბავშვსო. ბაბუას ბოლომდე სასტიკი აგრესია ჰქონდა. მახსოვს, „არასერიოზულ კაცს“ ვუყურებდი, ჩემს მეგობარს დავუძახე, ნახე მამაჩემი-მეთქი… უცებ წამომცდა, ბაბუაჩემი იქით ოთახში გავიდა და ტიროდა, ძალიან ეწყინა…

– რას გეუბნებოდათ ბაბუა მამაზე, როცა გაიგეთ, რომ მამამ მოგიკლათ დედა?
– ბაბუაჩემი საერთოდ არ მელაპარაკებოდა ამ თემაზე, უფრო მე და ბებია ვსაუბრობდით. ჯუნასთვის ეს თემა ძალიან მტკივნეული იყო. რა თქმა უნდა, ბებიასთვისაც, მაგრამ ბებიას ვთხოვდი, აეხსნა, ჯუნას კი მაგ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდი, საერთოდ ვერ უხსენებდი მამაჩემს.
– ბებიამ რომ პანაშვიდზე გაგგზავნათ, ამ ფაქტს როგორ შეხვდა?
– წინააღმდეგობა არ გაუწევია, ბებიაჩემმა დაისვა და უთხრა, ბავშვი უნდა წავიდესო! ხმა არ ამოუღია, თავჩაქინდრული იჯდა.
– ვერსია რამდენიმე იყო. თქვენ როგორ გგონიათ, რა მოხდა მაშინ?
– ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. თურმე დედაჩემი სულ იმას ამბობდა, ერთადერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო.
ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას, აიღო და ესროლა. ზოგი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო.
ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ. გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – როგორ…
19 წლის ვიყავი, როცა ჩემთან შეხვედრა მოისურვა გიას ადვოკატმა. სამწუხაროდ, გვარი და სახელი არ ვიცი. უნდოდა, რომ სიმართლე ეთქვა. მე არ შევხვდი, სიმართლის შემეშინდა, იმ ეტაპზე არ ვიყავი მზად… სამიოდე თვის შემდეგ, როცა თავს მოვერიე და ვთქვი, რომ მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე და იმ სიმართლით ვიცხოვრო მთელი ცხოვრება-მეთქი, მერე უკვე ვეღარაფერი გავარკვიე. ის კაცი რომ მოვიკითხე, მითხრეს, გარდაიცვალაო…
იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დედას… თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო.
გია… წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა…
თავიდან პირველი ორი კვირა ბებია არ მიკარებდა, დანახვა არ უნდოდა ჩემი, გიას შვილიაო. მერე სიცხე მქონდა მაღალი, გულში ჩამიკრა და მას მერე გვერდიდან არ მიშორებდა.
ვერ გეტყვით, როგორ მზრდიდა, მართლა ყველაფერი მომცა, თუ მცა სულ იმას განიცდიდა, მთავარს, დედის სითბოს მაინც ვერ მივცემო. ნერვიულობის ნიადაგზე კიბო დაემართა. 13 წლის ვიყავი, რომ გავიგე, ექიმები ამბობდნენ, მაქსიმუმ 2 წელს იცოცხლებსო, ბებია კი სულ იძახდა, სანამ გზაზე არ დავაყენებ, მანამდე ყველაფერს ვიზამ, რომ ვიცოცხლოო.
მართლაც, ისეთი წამლები იკეთა, რომ როგორღაც გაძლო. 17 წლის ვიყავი, რომ დაიღუპა. მერე ბაბუაჩემს აღმოაჩნდა კიბო და 20 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა.
ძალიან ბევრმა მაქცია ზურგი, არადა, მეგონა, რაღაც რომ გამიჭირდებოდა, გვერდით დამიდგებოდნენ, მაგრამ მწარე რეალობას შევასკდი. აღმოჩნდა, რომ სულ მარტო ვარ, ჩემი მეგობრების ამარა. ჩემით მიწევს ცხოვრების გატანა. მხოლოდ მეგობრები მიდგანან გვერდით.

– თქვენ როდის შექმენით ოჯახი?
– 18 წლის ვიყავი, ოთო ქიქოძეს რომ გავყევი ცოლად. ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, სადღაც სამ წელიწადში განვქორწინდით. არ ვნანობ, ასე ადრე რომ გავთხოვდი, იმიტომ, რომ დამრჩა ანგელოზივით შვილი – ირინა. ძალიან მინდოდა, რომ გოგონა მყოლოდა და დედაჩემის სახელი დამერქმია, ამით მაინც მეცა მისთვის პატივი…
– როდესაც ბატონ ჯუნას ასეთი მწარე გამოცდილება ჰქონდა სიძესთან დაკავშირებით, როგორ შეხვდა სიძეს? ალბათ, მაქსიმალურად ეჭვის თვალით უყურებდა, შეეცდებოდა, ყველაფერი გაეგო მის შესახებ…
– ძალიან ცუდად მოვექეცი ბაბუაჩემს, გავიპარე… გულზე ოპერაცია გაიკეთა სტამბულში, ჩამოვიდა და მე გავიპარე… დავუტოვე წერილი, რომ ძალიან მიყვარს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და ა.შ. დამირეკა, ტიროდა, ოღონდ შენ ბედნიერი იყავი, ჩემთვის ეგაა მთავარი, მეტი სათქმელი არაფერი მაქვსო და ღმერთმა დაგლოცოთო.
ძალიან კარგად მიიღო სიძე, მაგრამ სულ აკვირდებოდა და სულ მაფრთხილებდა, შენ გაქვს დიდი მაგალითი, არასოდეს გამოიყვანო წყობიდან კაცი, იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთოს, მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევაო…
ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთმა ადამიანებმა რომ გამზარდეს, როგორებიც ბებია და ბაბუა იყვნენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, დედასა და მამას რომ გავეზარდე.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N26-ის არქივიდან 2009 წ.)
























