00:05 | 2021-09-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“მამას კითხვები არ გასჩენია, რამ დამაწერინა ეს სიმღერა. მისთვის ყველაფერი ნათელი იყო” – როგორ შეაფასა პაატა ბურჭულაძემ მამა ლუკას ქალიშვილის სიმღერა

“მამას კითხვები არ გასჩენია, რამ დამაწერინა ეს სიმღერა. მისთვის ყველაფერი ნათელი იყო” – როგორ შეაფასა პაატა ბურჭულაძემ მამა ლუკას ქალიშვილის სიმღერა

ანუკა ფალავანდიშვილს “პრაიმტაიმის” მკითხველი იცნობს. ის ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მამა ლუკას ქალიშვილია. აი, იმ მოძღვრის, ტრავმატოლოგიურ მომსახურეობას რომ უწევს პაციენტებს და საგალობლით უკეთებს ოპერაციებს.

 

ანუკა კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტია, საოპერო ვოკალს ეუფლება. მისი ბაბუა (ბებიის ძმა) პაატა ბურჭულაძე გახლავთ. საქვეყნოდ ცნობილი ბანი, მის მეურვეობას ითავსებს და შესაძლებლობისამებრ, გერმანიაში, მომავალ ოპერის მომღერალს, მასტერკლასებს უტარებს.

 

ამჯერად ანუკამ ჩვენი ყურადღება თავისი ნამუშევრით მიიქცია. მან სოციალურ ქსელში, მეგობრებს, თავისი პირველი სიმღერა წარუდგინა. სიმღერის და ტექსტის ავტორი თავადაა და ბუნებრივია, მას, მეგობართან ერთად, თვითონვე ასრულებს.

 

სიმღერა პაატა ბურჭულაძეს მოეწონა, თუმცა მისი გულითადი თხოვნა ყოფილა, საესტრადო ჟანრს “სერიოზულად” არ გაჰყვეო.

 

 

პროფესიონალის ყურს, ნიჭიერი გოგონას წარმატებულ მცდელობას რა გამოაპარებდა და შეშინების (ანუკამ საოპერო ჟანრს არ გადაუხვიოსო) საფუძველი მიეცა.

 

მელოდიის ინსპირაცია ზაფხულში, გარკვეულ ურთიერთობას და მისგან წამოსულ ემოციას მოჰყვა. როგორც ამბობს, ახლა იმ ასაკშია, როდესაც ყველაზე მგრძნობიარეა სიყვარულის მომლოდინე გული…

 

მოკლედ, განწყობის შემქმნელ ამ ლამაზ სიმღერაზე, ექსკლუზიურად “პრაიმტაიმის” მკითხველს, თავად ავტორი უყვება.

 

ანუკა ფალავანდიშვილი: – მეგობარს, დამწყებ კომპოზიტორს, სანდრო ბესტავაშვილს გავუგზავნე მელოდია და ტექსტი, მისი აზრი მაინტერესებდა. აუცილებლად მოდი და ჩავწეროთო, მაშინვე მითხრა სანდრომ.

 

 

მივედი და “Why Dont You” სანდრო წიქორიძესთან (პიანისტი) და სანდრო ბესტავაშვილთან (ვოკალი) ერთად ჩავწერე. რომ არა ეს ორი სანდრო, მხოლოდ მე ამ სიმღერას ვერ ჩავწერდი. მე მათი მადლიერი ვარ.

 

ორივენი დამწყები კომპოზიტორები არიან. სამივე კონსერვატორიის სტუდენტები ვართ.

 

რაც შეეხება სიმღერის დაწერის ინსპირაციას. ერთ დღეს მოხდა “რაღაც”. იმ ასაკში ვარ, როდესაც გრძნობები მოზღვავებულია, სიმპათიები იბადება, მგრძნობიარე ხარ… მოკლედ, იმ საღამოს ვერანაირი ემოციის გამოხატვა ვერ მოვახერხე, ვერც ვინერვიულე, ვერც ვიტირე და… დავჯექი ინსტრუმენტთან და ტელეფონის ჩამწერში სპონტანურად წამოსული მელოდია ჩავწერე.

 

 

შემდეგ ეს ფაქტი გადამავიწყდა და ერთი კვირის წინ, როდესაც ტელეფონს ძველი ვოისფაილებისგან ვათავისუფლებდი, ეს ორი თვის წინანდელი ჩანაწერი ვიპოვე. მოვუსმინე და მისი შეფუთვა მომინდა. ტექსტი დავწერე და სანდროს გავუგზავნე…

 

 

მართალია, საოპერო ვოკალზე ვსწავლობ, მაგრამ მუსიკა ჩემი ემოციის გამოხატვის საშუალებაა. სხვისი სიმღერა, შესაძლოა, ზუსტად ვერ გამოხატავდეს ჩემს გრძნობას. ამიტომ მინდება, რომ მე თავად შევქმნა სიმღერა.

 

სათქმელიც ხომ ამ სიმღერად ამოვთქვი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ხუთ საათში შევქმენით ეს ნამუშევარი.

 

Exclusive:
2021-09-27Exclusive: "კაბას ვიხდი, ვიცვამ ხალათს და ოპერაციაზე შევდივარ. ჩვენი დანის ქვეშ მოხვედრა, ყველას უხარია" - საოცარი ისტორია მოძღვარზე, რომელიც ოპერაციებს გალობით აკეთებს

 

პაატამ მთხოვა, სერიოზულად არ გაჰყვე ამ ჟანრსო. ის საოპერო ვოკალში მამზადებს და სურს, კარიერა ამ მხრივ წარვმართო. მეც საოპერო ჟანრზე მეტად, არაფერი მიყვარს.

 

თუმცა ჩემი მუსიკალური კარიერის ნაწილი, ასეთი ნამუშევრებიც იქნება.

 

რაც შეეხებას მამას, თავიდან მგონი, არ სჯეროდა, რომ ჩემი დაწერილი იყო ეს სიმღერა. ჩამეძია, მართლა შენ დაწერე მელოდიაც და სიტყვებიცო? ძალიან მოეწონა. არ ველოდი, ისე აღფრთოვანდა.

 

მამას ისედაც ყოველთვის გახსნილად ვუყვები ჩემს ცხოვრებაზე, გრძნობებზე. შესაბამისად, კითხვები არ გასჩენია, რამ დამაწერინა ეს სიმღერა. მისთვის ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X