15:46 | 2020-08-24 ავტორი: Prime Time

მარად ცუდი ამბის გაგონებას ელი… იქნებ დროულად სიკვდილი ჯობდეს – გელა ჩარკვიანი

მარად ცუდი ამბის გაგონებას ელი… იქნებ დროულად სიკვდილი ჯობდეს – გელა ჩარკვიანი

„იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს. სიცოცხლე მყიფეა და, თუ დიდხანს ცხოვრობ, ბევრი უბედურება შეიძლება ნახო“,- ასე ეხმაურება მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი შატილში მომხდარ ტრაგედიას. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

 

„თითქოს პირიქით უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხდები. ალბათობათა მზაკვრობით დაშინებული, მარად ცუდი ამბის გაგონებას ელი. იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს. სიცოცხლე მყიფეა და, თუ დიდხანს ცხოვრობ, ბევრი უბედურება შეიძლება ნახო.

 

ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
2020-08-24ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

მახსოვს, როგორ განიცდიდა უკვე ღრმად მოხუცებული მამაჩემი ჩემს ყოველ მოგზაურობას საზღვარგარეთ შევარდნაძესთან ერთად. წინათ ასე არ ვიყავიო, მეუბნებოდა. ტრაგიკულად დასრულებული ავტოავარიის ან ავიაკატასტროფის ყოველი შემთხვევა რამდენიმე დღით მოსვენებას მიკარგავს. მტანჯავს ყოველი ცნობა ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის და, კიდევ უფრო, ბავშვის სიკვდილის შესახებ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ხდებოდეს ეს. რაღა ის? რაღა იმ დროს? რაღა იმ ადგილას?

 

ახალი ამბების საიტებზე თვალს გადავავლებ ინფორმაციებს და თუ რაიმე „საეჭვოს“ შევნიშნავ, გამოვტოვებ, არ წავიკითხავ. არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!“,- წერს გელა ჩარკვიანი.

 

ცნობისთვის, ტრაგედია 23 აგვისტოს მოხდა. შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია. 

ავტორი: Prime Time

X