
“ღვიძლი გადაუგვარდა… გერმანიაში გაუკეთდა ოპერაცია და როგორც ჩანს, არ აღდგა. არადა, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად წავიდა. გვეგონა, ღვიძლი გადიდდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასე არ იყო…” – ვიწყებთ მარინა ჯანაშიას გახსენებს მე და მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი.
ბოლოს, სპექტაკლში – “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” ითანამშრომლეს. პარტნიორები იყვნენ – მარინა ერეკლე მეფის როლში იყო, ნანა – დარეჯან ცბიერის.
სათნოობით ყველასგან გამორჩეული მარი ჯანაშია მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე წელი გამოუვიდა, თითქოს გაიმარჯვა კიდეც. ძალა მოიკრიბა და როგორც ამბობდა, იმ პერიოდში, შვილის სახე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დანებების უფლება არ ჰქონდა.
მარი ჯანაშია: – უცნაურია, რომ არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს, რომ არ ყოფილოყო იქ ჩემი შვილი, თემიკო, მე ამას ვერ მოვერეოდი. როცა ვხედავდი მის სასოწარკვეთილ თვალებს, ეს მიკრძალავდა ყველაფერ დანარჩენს და მაძლევდა უფლებას, მეთამაშა, თითქოს მთლად ისე ცუდადაც არ იყო ყველაფერი…
მერე ისევ საყვარელ საქმეში გადაეშვა, ბოლომდე, იშვიათი პროფესიონალიზმით.

ნაოპერაციები, გერმანიიდან სამშობლოს დაუბრუნდა თუ არა, გოჩა კაპანაძის “მოხუც ჯამბაზებში” მაშინვე მოისურვა თამაში. და ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2017 წელს სცენას დაუბრუნდა! ენერგია არ დაუშურებია და “შპაგატში” რომ ჩაჯდა, ყველას გაოცება გამოიწვია. ეს იყო ტრიუმფალური დაბრუნება, ჯიბრზე თამაში, სიცოცხლის ხელახალი შანსის თამამი გამოყენება!
“რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება.. ასეთი დიდი სიყვარულის
საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა” – თქვა მაშინ მსახიობმა.
შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია წერდა:
“ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ, პირველად დადგა სცენაზე.
არცოდნის შემთვევაში ვერასდროს, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტოპერაციული ტკივილები.
ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით) ეგ იყო სრული შოკი.”
გაზაფხულზე სენმა თავი შეახსენა. შეუძლოდ შეიქნა… პერიოდულად კლინიკაში ატარებდა დროს. მეგობრები ხმაზე ატყობდნენ, რომ არ იყო კარგად. საუბარში იღლებოდა და მალევე კიდებდა ტელეფონს.
ბოლო სამი დღე საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა…

ნანა ფაჩუაშვილი: – მძიმედ იყო, მაგრამ ასე მალე რომ თუ დაასრულებდა სიცოცხლეს, არ გვეგონა… საუბრის ძალაც აღარ ჰქონდა. სატელეფონო მოკითხვის დროს, მალევე იღლებოდა. ხმის ტემბრზეც ვამჩნევდით სისუსტეს. სახლში მისვლას, კორონას გამო ვერიდებოდით… იმედი ჰქონდა, თუმცა ხმაზე ვატყობდით, რომ ცოტა დეპრესიულიც იყო. მოკლე საუბრის შემდეგ მე თვითონ დაგირეკავთო, რომ ამბობდა, უკვე ვხდებოდით, რომ დაიღალა და აღარ უნდა შეგვეწუხებინა. ამიტომ ჩვენც ვერიდებოდით საუბარს.
ძალიან მიმზიდველი და გამორჩეული იყო თავისი ინდივიდუალობით. არავის არ გავდა და როდესაც მსახიობი ასეთია, ეს ძალიან დასაფასებელია.
ჩვენ უკანასკნელ სპექტაკლში “დედა დედოფალი” ერთად ვთამაშობდით, მცირე სცენაზე. ის იყო მეფე ერეკლე და მისი მეუღლის, დარეჯან ცბიერის როლში, მე გახლდით. ვხუმრობდით, შენ ხომ ჩემი “ქმარი” ხარ-მეთქი…

საგრიმიოროში ერთად ვისხედით და ვიტყოდი, რომ ის ნამდვილი პროფესიონალი იყო, საქმის ფანატიკოსი. რაც არ უნდა ავად ყოფილიყო, როლზე და შემოქმედებაზე უარს არ იტყოდა. ნამდვილი მსახიობი იყო.
შემოქმედი მეუღლეები ერთმანეთს უფრო უგებენ. მთელი ცხოვრება თემოზე ზრუნავდა, ბოლოს უკვე თემო ზრუნავდა მასზე. რთულია ცხოვრება.
ნიკოლოზ წულუკიძე: – ვერ მიგებენ რა მჭირსო, მითხრა. შეიძლება არ ეუბნებოდნენ. ძალიან მოკრძალებული ქალი იყო. თითქოს ფეხს არ აბიჯებდა მიწაზე და დაფარფატებდა. კეთილი ფერიასავით იფარფატა… სულ ამბობდა, უსინდისოდ ჯანმრთელი ვარ, ექიმთან ნამყოფი არ ვარო და უცებ ასეთი რამ.
მისი მეუღლე, მხატვარი თემო გოცაძე 25 მარტს 80 წლის გახდა. მათთან სახლში მივდიოდი გადაცემის ჩასაწერად, რომ გზაში რძალი, თეო ჯაყელი მირეკავს, მარინა საავადმყოფოში წავიყვანეთ სასწრაფოდო. მხოლოდ თემო ჩავწერე და კითხვაზე, ყველაზე მეტად რისი გეშინია-მეთქი, მიპასუხა – ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო…

გოჩა კაპანაძე: – ძალიან მოულოდნელი იყო მარინას ასე წასვლა. მებრძოლი იყო. ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლას რამდენიმე წელი თავისი ხასიათით გამოგლიჯა.
წლების წინ გერმანიიდან რომ ჩამოვიდა, დამირეკა და მითხრა, სპექტაკლი დავნიშნოთო. “მოხუცი ჯამბაზები” ბევრჯერ ითამაშა. შემდეგ ჩემთან ასევე ითამაშა “მზის დაბლებაში” და ბოლოს “საქართველოს უკანასკნელი დედოფალში”, სადაც ერეკლე მეფის როლი ვათამაშე. მას ჰქონდა ის სიდიადე და შინაგანი კულტურა, რაც მეფის როლზე მინდოდა. იყო წიგნიერი და კარგი მოქართულე. მე ხუმრობით და მოფერებით, მზექალა შანიძეს ვეძახდი. ამის გამო მტუქსავდა. რეპეტიციაზე თანამედროვე სლენგზე თუ რამე წამოგცდებოდა, შენიშვნას მოგცემდა, რომ გაგეთვალისწინებია და მსგავსი ბარბარიზმი სცენაზე არ ყოფილიყო.
მარინა მაღალი პროფესიონალიზმით თუმანიშვილის სამსახიობო სკოლის ნამდვილი წარმომადგენელი იყო. ბატონი მიშა თუმანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე და მსახიობი იყო.

ახლა ახალი როლი უნდა ეთამაშა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. სუსტად იყო, მაგრამ ეს საუბარი გაუხარდა. გელოდებით-მეთქი, ვუთხარი… ბერიას ცოლის, ნინა გეგეჭკორის როლში ვხედავდი მთელი თავისი ქალურობით, ინტელიგენტურობით, სილამაზით…

სპექტაკლში “ლეონსი და ლენა” ჩვენ ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. მე ვახალისებდი სცენაზე და ის კიდევ მტუქსავდა, ნუ მაფუჭებ სცენაზეო. თავშეკავებული იყო. ერთხელაც ვიეშმაკე, გამოვედი კულისებში და მითხრა, დღეს მე შენ არტისტობაში ორიანს გიწერ, რადგან სცენიური მდგომარეობიდან არა მხოლოდ შენ იყავი ამოვარდნილი, არამედ მეც ამომაგდეო. იმპროვიზაცია იყო-მეთქი რომ ვუთხარი, არა, იმპროვიზაცია სხვა რამეაო და სამსახიობი გაკვეთილი ჩამიტარა, რომელიც არასოდეს დავამიწყდება.
მარინა ზეიმს ქმნიდა. ქალურობასთან შეზავებული ინტელექტი და ღრმა არტისტიზმი ჰქონდა.

ქეთი დოლიძე: – მარინა ჩემს სამ ფილმში თამაშობს, “კუკარაჩა”, “ევრიდიკე” და “და სასახლეში ნახავ სიხარულს”.
1968 წელს გავიცანი. მეთერთმეტე აუდიტორიაში პირველი სარეჟისორო-სამსახიობო ჯგუფი შეიკრიბა. ჩვენი სამეგობრო მას შემდეგ ერთმანეთს არ დავცილებივართ, ერთმანეთის არ შეგვშურებია, ზურგში დანა არ ჩაგვიტყამს. როგორც ხელოვანი, შემდგარი იყო და ვისი უნდა შეშურებოდა. კარგი იყო თეატრშიც, კინოშიც.
ბატონმა მიშამ უსიტყვო როლი მისცა “ანტიგონეში”. ბიჭის როლი ჰქონდა. არაჩვეულებრივი როლი იყო.
მაპატიეთ, ამპარტავნება, მგონია, რომ “კუკარაჩაში” ყველა მსახიობი თავის ადგილას არის. მარინა – თავისთავად. მისი მონოლოგი სიყვარულსა და სულის მარადიულობაზე, ბევრ რამედ მიღირს.
მიჭირს საუბარი. იმედი, მქონდა რომ სენს მოერეოდა. ვიცი, ადრე თუ გვიან მაინც შევხვდები.

მარი ჯანაშია: – ყველაზე მთავარია რწმენა, სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული. ხანდახან ძალიან ცუდს გვთავაზობს, ხანდახან კარგს, მაგრამ სიცოცხლე არის სიცოცხლე – პატარა გაჩერება დედამიწაზე და შემდეგ ისევ მარადისობაა. ამიტომ ეს გაჩერება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.























