17:08 | 2020-04-29 ავტორი: Prime Time

მარნეულელი ბავშვი, რომელიც ტელევიზიით დახმარებას ითხოვდა ბულინგის მსხვერპლი გახდა

მარნეულელი ბავშვი, რომელიც ტელევიზიით დახმარებას ითხოვდა ბულინგის მსხვერპლი გახდა

რამდნიმე დღის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გიურარხში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა მარნეულის ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე შეტყობინება გაგზავნა. ბავშვი წერდა რომ ოჯახს ძალიან უჭირდა და საკვები არ ქონდათ.

 

თემაზე მარნეულის ტელევიზიის საინფორმაციოს უფროსი ყვება, რომ ბავშვის ამბავი გადაიღეს და საინფორმაციო გამოშვებაში გასვლის შემდეგ 9 წლის მოზარდი თანატოლებმა დააბულინგეს.

 

„ახალ ამბებში სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა ბავშვი და გვთხოვა მისი ამბავი  აღარ გასულიყო განმეორებით ეთერში, მიზეზად დაასახელა რომ თანატოლებმა დასცინეს, დააბულინგეს.

 

ეძახდნენ ღარიბო და მშიეროო, ამიტომ მე წამოვიწყე ერთგვარი კამპანია ამ ბიჭუნას დასახმარებლად და ერთ-ერთ ანგარიშზე ვაგროვებთ თანხას“, – ამბობს ლელა ხარშილაძე.

 

დღეს 9 წლის დამია გიურარხელ ბიჭს მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა  საჩუქრები  მიუტანეს.

 

ბავშვი ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, რადგან ფიქრობს ისევ ვინმეს დასაცინი გახდება.

 

9 წლის ბიჭის დახმარება ბარბარე დარბაიძემ, რომელიც  მარნეულში სოფელ საიმერლოში ცხოვრობს, თავისი ყულაბის ჩუქებით გადაწყვიტა.

 

როგორც ბარბარეს დედა ამბობს, ბავშვმა ძალიან განიცადა, განსაკუთრებით ის რომ პატარა ბიჭი თანატოლებმა დააბულინგეს.

 

ბარბარეს ამ ყულაბაში შეგროვილი თანხით ძაღლის ყიდვა უნდოდა.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

X