
მარნეულელი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკას დატოვებს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„პირველი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც შემოვიდა მარნეულიდნ, არის დადებითი. იგი გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.
მისი მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური იყო. ჩატარებული მკურნალობით ქალბატონი გადარჩა და ეწერება კლინიკიდან“,- განაცხადა ლევან რატიანმა.
ეს გახლდათ შუახნის ქალი, რომლის გამოც 23 მარტს მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა. ქალს კორონავირუსი 21 მარტს დაუდგინდა. ეპიდემიოლოგებმა მისი 100-მდე კონტაქტი დაადგინეს. მოძიებული კონტაქტებიდან კორონავირუსი რამდენიმე ოჯახის წევრსაც დაუდასტურდა.
როგორც ცნობილია, ჰოსპიტალიზაციამდე აღნიშნული ქალბატონი იმყოფებოდა წლისთავზე, დაბადების დღეზე და მარნეულის ბაზარში.
ბოლო მონაცემებით:
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















