
მარნეულიდან თბილისამდე მგზავრობა 5 ლარი გახდა. 28 ნოემბრიდან, მარნეული-თბილისის, ხაზის სამარშუტო ტაქსები არ მოძრაობენ და მგზავრებს მხოლოდ ხაზის ტაქსებით შეუძლიათ თბილისის მიმართულებით გადაადგილება. მანამდე მგზავრობის საფასური 2.50 ლარი იყო.
მგზავრები, რომლებიც თბილისი-მარნეულის მიმართულებით მოძრაობენ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ლიკა ბარბაქაძე მარნეულში მუშაობს და ტაქსით გადაადგილება ყოველდღიურად უწევს.
„მგზავრობა ყოველდღე მიწევს. მარნეულში ვმუშაობ და თბილისიდან დავდივარ, დღეში 10 ლარს მარტო ამ ხაზის ტაქსებში ვიხდი, ამ ეტაპზე აღარც სამარშუტო ტაქსები არ დადიან და იძულებული ვარ ეს ხარჯიც გავწიო. გამოდის, რომ მთელი ხელფასი მგზავრობაში უნდა გადავიხადო, სამსახურს თავს დავანებებ, ასე არ მიღირს“, – ამბობს ლიკა.
ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ შეზღუდვების გამო ავტომობილში 4 ადამიანის გადაყვანის უფლება აქვთ და მგზავრობის ფასის გაზრდაც ამიტომ გახდა საჭირო.
„რაც შეზღუდვები გამკაცრდა, ჩვენ იმის მერე გავზარდეთ ფასი, რადგან მანქანაში 4 მგზავრის მეტი არ შეიძლება ჩავსვათ, მგზავრობა გახდა 5 ლარი, სხვა შემთხვევაში მგზავრობას ვერც ჩვენ ვერ გავაგრძელებთ“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა.
ავტორი: მარიამ ქველაძე























