12:47 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

მარნეულში მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება – დეპუტატი

მარნეულში მოსახლეობა  პროცესს შეგნებულად ხვდება – დეპუტატი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, ამ დროისათვის, მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება.

 

„ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობაში განწყობა დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სასწრაფოდ რომ მოხდა რაიონის გადაკეტვა, ამან ცოტა აღელვება გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა ამ პროცესს შეგნებულად ხვდება“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

 

მისი თქმით, რაიონში ყველაფრისთვის მზად არიან. ათი ჯგუფია მობილიზებული რათა გავიდეს ადგილებზე და მოსახლეობას მოუწოდოს იმ დირექტივების შესრულებისკენ, რომლებიც მთავრობამ გასცა.

 

როგორც თამაზ ნავერიანმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან აქვთ მუდმივი კავშირი და წუთი წუთზე ელოდებიან აღნიშნული ჯგუფებისათვის  შესაბამის აღჭურვილობას.

 

„ორი ადამიანი უკვე მოთავსებულია კარანტინში, გადმოყვანილი არიან თბილისში. ნორმალური ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ საველე ჰოსპიტლის მოწყობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ჩვენ ყველა, ადგილობრივი ხელისუფლება, მოხალისეები, არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, ყველას თავისი დავალება აქვს განსაზღვრული. რაც შეეხება კვების პროდუქტების სუპერმარკეტებს, ისინი მუშა რეჟიმში არიან. ერთ ადამიანს ოჯახიდან, შეუძლია მივიდეს სასურსათო მაღაზიაში საჭიროებისამებრ“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

 

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.

 

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: Prime Time

X