
მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულსა და ბოლნისის რეგიონებში კარანტინი გამოცხადდა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრი ზომები მიიღეს.
„პრაიმტაიმი“ თემის ანალიზისთვის ადგილობრივი მედიის წარმომადგენელს, რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელს, კამილა მამედოვას დაუკავშირდა.
ჟურნალისტი გვიყვება, რომ შეზღუდვების მიუხედავად, რადიო მაუწყებლობს და მოსახლეობას ყველა საჭირო ინფორმაცია და ახალი ამბები ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება.
„ვმუშაობთ დისტანციურად ტელეფონების და ინტერნეტის მეშვეობით. ჩვენი ტექნიკა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეთერები დისტანციურად ვმართოთ.
საავტორო გადაცემების გამეორება მიდის, მაგრამ საინფორმაციო გამოშვება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
რთულია დისტანციურად მუშაობა – საჯარო პირებს არ სცალიათ, ტელეფონს ვერ პასუხობენ, არადა საჭიროა, რომ ინფორმაცია მოგვაწოდონ. ვერც მიხვალ. ადამიანების ჩაწერაც ძალიან სახიფათოა.
მე პირადად, ქალაქში მანქანით გადავაადგილდები, ვცდილობ, დისტანციების დაცვით მაინც ვიმუშაო და ჩავწერო,“ – ამბობს კამილა.
რაც შეეხება ინფორმირებულობასა და საინფორმაციო კამპანიას, ჟურნალისტი ამბობს, რომ დაგვიანებით დაიწყო, თუმცა, მოსახლეობა საკმაოდ ადეკვატურად შეხვდა და ყველა მითითებას ითვალისწინებენ.
„საინფორმაციო კამპანია მარნეულში საკმაოდ დაგვიანებით დაიწყო. თუ ვაპელირებთ იმაზე, რომ ეთნიკურ უმცირესობის ენებზე უნდა იყოს გათვლილი, რა თქმა უნდა, მედია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ, რადგან უმცირესობების ენაზე ვმუშაობთ. მაგრამ, როდესაც ასეთი მასშტაბის პრობლემაა ქვეყანაში, რამდენად საკმარისია თემში მომუშავე ერთი მედია?!
როდესაც სახელმწიფო საკუთარ რესურსებს კარანტინის გამოცხადებამდე 10-დღით ადრე რთავს, ეს საკმარისი არის თუ არა, ალბათ შედეგები სახეზეა.
ხალხი საკმაოდ ადეკვატურად შეხვდა. ჩვენთან ასეა, სანამ ზემოდან არ გეტყვიან, კეთილი ნებით დამორჩილება ცოტა რთულია. ამიტომ, რაც იყო რეკომენდაციების სახით გარკვეული ნაწილი ამას აიგნორებდა. გუშინ კარანტინის პირველი დღე იყო და რამდენჯერმე გავედი, ქალაქი დავათვალიერე, თითქმის არავინ იყო. ძირითადად, მანქანებით გადაადგილდებიან.
ჩვენი მოხალისეები გვიყვებიან, რომ სოფლებში, ეზოებში ძველებურად კი იკრიბებიან მეზობლები, მაგრამ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ძირითადად სახლებში არიან.
მუნიციპალიტეტის მანქანა სოფლებში დადის და ხმოვანი ინფორმაცია ქართულად და აზერბაიჯანულ ენებზე მიეწოდებათ. მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ და სიმპტომების შესახებ. ეს აუცილებლად იმუშავებს“, – გვიყვება კამილა.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ჟურნალისტი განმარტავს:
„შეზღუდვები არ გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, არ მაქვს შესაძლებლობა გავიდე იქ, სადაც მედია დგას. მარნეულის შესასვლელთან აღარ მიშვებენ
ერთ პუნქტზე ამოწმებენ მოტივს, რატომ ტოვებს მანქანა მარნეულს, ან პირიქით. ხოლო, მეორე პუნქტზე, ექიმების ბრიგადებია და მოქალაქეებს ამოწმებენ“.






















