
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება. პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ძალაში შევა.
„2022 წლის 25 აპრილიდან გახდება სავალდებულო რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება, ეს ეხება პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარევა სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
“სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე”, – წერია “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.






















