18:35 | 2021-06-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მაშველებმა აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები უვნებელი იპოვეს

მაშველებმა აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები უვნებელი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

 

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები“ – წერია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში სალაშქროდ წასულ 7 ახალგაზრდას ეძებდნენ.

 

ახალგაზრდები 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, ამის მერე მათი კვალი გაქრა. ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა 4 მაისს, 17:00 საათზე ტყეში ნახა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X