
ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არაჯანსაღი პრაქტიკაა დანერგილი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სიმბოლურ დღეებთან დაკავშირებით, სკოლის პერსონალისთვის პატივისცემის ნიშნად გარკვეული სახის საჩუქრებს ყიდულობენ. ეს შეიძლება იყოს სიით გადაცემული თანხა, ვაუჩერი, ძვირფასი ნივთი და ა.შ.
არის შემთხვევებიც, როდესაც მშობლები თავს ვალდებულად თვლიან და კლასის მოწესრიგების მიზნით საკუთარი, საერთო სახსრებით გარკვეულ ნივთებსაც იძენენ. იციან, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის, თუმცა პროცესი უცვლელია.
აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტი ია ანთაძე გამოეხმაურა, გთავაზობთ მის პოსტს:
„თბილისში არის საჯარო სკოლები, სადაც ყოველი წლის ბოლოს მშობლები ფულს აგროვებენ მასწავლებლის საჩუქრისთვის და ასე “ხელდამშვენებულები“ ემშვიდობებიან კლასის დამრიგებელს სექტემბრამდე. როგორ ბედავენ ან მშობლები და ან მასწავლებლები? ქრთამის აღება და მიცემა აღარ არის დანაშაული?“, – წერს ჟურნალისტი.
აქვე, პოსტის გამოხმაურებებიდან გაირკვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ეს უცხო და უჩვეულო შემთხვევა არ არის, წერენ, რომ ევროპა-ამერიკაშიც ხშირია მსგავსი ფაქტები.
ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნულ ქმედება უკანონოა, შესაბამისად, კანონი არეგულირებს. იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, პირი ვალდებულია, სამინისტროს აცნობოს.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვკითხულობთ:
მუხლი 51. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები
1. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, აგრეთვე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
დაგაინტერესებთ:






















