12:43 | 2021-04-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მათ ახლაც ჩაესმით მდინარეში ჩავარდნილი ოთხი ადამიანის განწირული ხმა, შველას რომ ითხოვდნენ“ – რიონზე ტრაგედიას 3 ადამიანი გადაურჩა

„მათ ახლაც ჩაესმით მდინარეში ჩავარდნილი ოთხი ადამიანის განწირული ხმა, შველას რომ ითხოვდნენ“ – რიონზე ტრაგედიას 3 ადამიანი გადაურჩა

მდინარე ენგურში 7 აპრილს ოთხ დაღუპულთაგან ორს – ცოლ-ქმარს ჯონი გვალიას და მაყვალა გამისონიას დღეს მშობლიურ ოკუპირებულ სოფელ წარჩეში დაკრძალავენ.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ გალიდან ინფორმირებული წყარო უყვება, ე.წ. ფონზე მდინარით გადმოსვლას იმ დღეს 7 პირი აპირებდა.

 

„ეს ოთხი წინ მიდიოდა, თაგილონთან და უკვე შამგონის საზღვარზე მდინარე ენგურის სიღრმე დაბალია, პირველად ხომ არ გადმოჰყავდა მდინარეში დაღუპულ თამაზ ბასლანძეს ეს ადამიანები…

 

მან ეს გზა მშვენივრად იცოდა და რას იფიქრებდნენ, ეს საცოდავები წყალი რომ უსწრაფესად მოიმატებდა და ამათ გაიტაცებდა. იმ სამმა, რომლებიც მათგან მოშორებით იყვნენ, გაუმართლათ. მათ ახლაც ჩაესმით მდინარეში ჩავარდნილი ოთხი ადამიანის განწირული ხმა, რომლებიც შველას ითხოვდნენ”,-გვითხრა მან.

 

ოთხი ადამიანის ტრაგედიამ შეძრა მთელი აფხაზეთი და სრულიად საქართველო.

 

პრაიმტაიმსს“,ამჟამად ოკუპირებული რეგიონიდან ლექსი გამოუგზავნეს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“ენგური ჩაფიქრებულა…

 

ეს რა დღე გაგვითენდაო,

 

ოთხი კაშკაშა ვარსკლავი

 

ზეცის გარეშე დარჩაო!…

 

დადუმებულა ენგური,

 

ისმენს ვედრებას ამაოდ

 

– ღმერთო! მიშველე მე საწყალს,

 

მომეცი ძალა დღესაო!

 

შვილო! იცოდე, ვიბრძოდი

 

სისხლის ცრემლები ვღვარეო,

 

მაგრამ ბნელოდა და ხელით

 

ვერ ჩავეჭიდე ქვასაო

 

დავხუჭე დედი თვალები,

 

მივყევი მდინარე ენგურსა

 

ჩემო სამშობლოვ! შენ დამხვდი

 

წყალ წაღებულს მე უბედურსა!

 

ჩემო სამშობლოვ! ერთსა გთხოვ

 

ჩემს მიწას მიმაბარეო!…

 

მაგრამ ენგურო, იცოდე

 

მეტჯერ არ გაიმეორო!“, – წერს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრები რადმილა ჭანტურია.

მდინარე ენგურის ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე 7 აპრილს ემსხვერპლა. ეს ადამიანები სხვადასხვა საჭიროებისთვის რისკის ფასად ე.წ. ფონით გადმოდიოდნენ, რადგან წელიწადზე მეტია ენგურის ხიდი ჩაკეტილია და იქიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულებს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X