
ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი საზეიმოდ დაიხურა, რომლებიც სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებში COVID-19-ით დაავადებულების მისაღებად იყო მოწყობილი.
ამასთან დაკავშირებით, ჩინელმა ექიმებმა ერთგვარი აქცია-პერფომანსი დადგეს და სამედიცინო ნიღბები საზეიმოდ მოიხსნეს.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი დაინფიცირება იტალიაში ფიქსირდება. ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 12 462 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 827 გარდაიცვალა, 1045 კი გამოჯანმრთელდა.






















