22:38 | 2021-05-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“მათთან ყველაფრის უფლება მქონდა…” – ქეთევან კიკნაძე 84 წლის გახდა

“მათთან ყველაფრის უფლება მქონდა…” – ქეთევან კიკნაძე  84 წლის გახდა

ქეთევან კიკნაძე 84 წლის გახდა. იუბილარი მსახიობი ქალიშვილებმა და შვილიშვილებმა მოინახულეს. ცოტა ხნის წინ ვაქცინა გაიკეთა. როგორც მისი შვილიშვილი, ჩცდ-ს მსახიობი ქეთი წიქვაძე (ლეკა) ამბობს, იმუნიზაციამ ყოველგვარი რეაქციის გარეშე ჩაიარა.

 

ქეთი წიქვაძე: – ახალ წელს, აღდგომას, მის დაბადების დღეზე გვიყვარს ბებოს და ბაბუს სახლში მისვლა. ვიდრე ბაბუ ცოცხალი იყო, ჩვენი შეკრებების ინიციატორი ის იყო. გიგა გიჟდებოდა ერთად რომ ვიყავით. ახლა ტრადიციას ჩვენ ვაგრძელებთ. ამ სახლში რომ შეხვალ, კედლებზე, ნივთებზე – ყველგან გიგას გადააწყდები. სულ ვიხსენებთ, ერთად რომ ვიყავით, რა კარგი იყო.

 

იუბილარმა ბებომ გემრიელი საჭმელები დაგვახვედრა. ახლაც ამზადებს კერძებს. თუ დაეზარება, თავის ქალიშვილს, ნინოს ამზადებინებს, ოღონდ თვითონ შეფმზარეულობს. ისე კი, ყველაფერს თავისებურად ამზადებს და გემრიელი გამოსდის, ხაჭაპურით დაწყებული, სადილებით დამთავრებული.

 

 

ბებოს გაზრდილი ვარ, მისი სახელი მქვია, ძალიან ვუყვარვარ. შვილიშვილებში ყველაზე დიდი ამაგი მე შემხვდა. ბებიასთან და ბაბუასთან ყოფნა მიყვარდა, მათთან ყველაფრის უფლება მქონდა. ბაბუ „სახლობანას“ მეთამაშებოდა, საოჯახო სერვიზის, მიქელაძეების გერბის გადმოღების უფლება მქონდა. ბებიას პირადი სტილისტი ვიყავი, თმას ვჭრიდი, ფრჩხილებს ვუკეთებდი. მოკლედ, გამაფუფუნეს.

 

ვუფრთხილდებით. მხოლოდ შვილები და შვილიშვილები ვნახულობთ. აიცრა და მეორე დოზას ელოდება. გადასარევად მიიღო ორგანიზმმა, ხელიც არ ტკენია. სხვათა შორის, იმუნიზაცია მისი სურვილი იყო.

ავტორი: თამარ გონგაძე

X