
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებას ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ახალ სერვისს სთავაზობს.
„კორონავირუსის პანდემიის გამო მოქალაქეები გარკვეული სტრესის ქვეშ იმყოფებიან, უჭირთ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ვირუსულად გადამდებ პანიკას, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს სჭირდებათ, სწორედ ამიტომ, ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგები ყოველდღე, საღამოს საათებს გაატარებენ თქვენთან“, – აღნიშნულია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
როგორც ცენტრის ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი ამბობს, დღეს, როგორც არასდროს საზოგადოების მიმართ ფსიქოლოგის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ხშირად ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო რეაქცია სტრესზე ბუნებით და გენეტიკურად ჩვენს ორგანიზმში კოდირებული ადაპტაციური მექანიზმების ჩართვითაა განპირობებული (რაც საფრთხის შემცველ სიტუაციაში განსაკუთრებით მობილიზებულს და ბრძოლისუნარიანს გვხდის), ქრონიკულ სტრესს ძალუძს ამ მექანიზმების გამოფიტვა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება პიროვნების, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და რიგ უარყოფით, არასასურველ შედეგებს იწვევს.
სხვაგვარად, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფსიქიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება და ამ დროს მას გვერდით აუცილებლად სჭირდება პროფესიონალი, ვინც ასწავლის სტრესის მართვა, დაეხმარება გაუმკლავდეს პანიკას და შინაგან შფოთს“,- ამბობს ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი.
ზოგიერთი ადამიანი სტრესს საკმაოდ ადვილად იტანს, მეცნიერების აზრით, ამას მათი ფიზიკური მომზადება, სოციალური მხარდაჭერა (ოჯახი, მეგობრები), აგრეთვე სიტუაციის კონტროლის უნარი, გამბედაობა და თავდადება განაპირობებს.
მათ კი, ვისაც დამოუკიდებლად უჭირს გაუმკლავდეს პანიკას. ყოველ საღამოს, 19.00 საათიდან 22.00 საათამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგები გაუწევენ ონლაინკონსულტაციას ვებგვერდზე www.addiction.ge






















